შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების
შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება „გარკვეულწილად, პოლიტიკური წლის დაგვირგვინებაა და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა პირველ ყოვლისა, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის და მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის“.

„პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების. 2024 წელი, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია განადგურებულია, რა თქმა უნდა, თავის თავში შეიცავს ხიფათებსაც, ვინაიდან სუსტი და უუნარო ოპოზიცია, ზოგადად ჯგუფები, როგორც წესი, სწორედ ამ დროს გადადიან ხოლმე ისეთ ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის შემდეგ მთლიანად ქვეყანას. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გუნდი და საზოგადოება შეიკრას ერთ გუნდად, რათა ყველა ის ხიფათი, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნით, თუ გარედან ელოდება, ავიცილოთ და მომავალი წლის ბოლოს, ამ დროს ყველამ ერთად აღვნიშნოთ საქართველოს გამარჯვება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.