შალვა პაპუაშვილი - პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს ხალხის ნებას, თავდაპირველად, ბოიკოტში 60 დეპუტატი იყო, დღეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ დარჩენილი
შალვა პაპუაშვილი - პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს ხალხის ნებას, თავდაპირველად, ბოიკოტში 60 დეპუტატი იყო, დღეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ დარჩენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც რწმუნდება, რომ გზა, რომელიც პარტიამ აირჩია, არის ჩიხი და ისინი ამ ჩიხიდან სხვა გამოსავალს ვერ ნახავენ, გარდა იმისა, რომ დემოკრატიულ კალაპოტს დაუბრუნდნენ.

აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ ესახება პოლარიზაციის შემცირება იმ ფონზე, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და შიმშილობას მიმართავს.

„პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს დემოკრატიას, ანუ ხალხის ნებას, არჩევანს და არ აღიარებს კანონის უზენაესობას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. აქ რთულია თანამშრომლობაზე საუბარი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და არ დაუბრუნდება იმ მთავარ პრინციპებს, რომელზეც სახელმწიფო დგას. თავდაპირველად, ბოიკოტში 60 დეპუტატი იყო, შემდეგ კი კლება დაიწყო და დღეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ დარჩენილი. არა მხოლოდ ბოიკოტში, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის, სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებაში, რომელიც ჰქონდათ, მარტო იყვნენ და ამ აქციებში მათ სხვა პოლიტიკური პარტიები არ შეუერთდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტის მიერ დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს და ფიქრობს თუ არა, რომ ამას რამე პერსპექტივა აქვს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი არის ის, რომ უნდა დაიწყოს საუბარი, რაც პოლიტიკურ ურთიერთობაში და მათ შორის, საზოგადოებაში თავისთავად, ბევრ რამე აადვილებს.