შალვა პაპუაშვილი - პირის ბრალეულობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, შეფასებები და განსჯა განაჩენს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს
შალვა პაპუაშვილი - პირის ბრალეულობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, შეფასებები და განსჯა განაჩენს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული კომენტარი ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც არის ასე ვთქვათ, ინსტანციური იერარქიით, სადაც ადამიანების ბრალეულობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო და არა სოციალური ქსელი, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციული თუ სხვადასხვა ჯგუფი. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოვისმინეთ სასამართლოს განაჩენი. ეს არის პირველი ინსტანციის სასამართლო. ვიცით, რომ როგორც მბრალმდებელი, ისე დაცვის მხარე აპირებს, გაასაჩივროს ეს განაჩენი. ორივე მხარე ასაჩივრებს განაჩენს სააპელაციო წესით. წინ არის სააპელაციო სასამართლო. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მიდგომა. სხვა დანარჩენი მიდგომა არის ადამიანების მოსაზრებების საფუძველზე ვიღაცის მიმართ განაჩენების გამოტანა. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვუყურებთ სოციალურ ქსელში. ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელიც დამკვიდრდა. არსებობს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ აქვთ უფლება, ვიღაცები ზეპირად, ზედაპირულად გაასამართლონ, ან თქვან, დამნაშავეა, უდანაშაულოა. ისინი თუ თითს დაადებენ, რომ არის დამნაშავე, ცხადდება დამნაშავედ და შემდეგ ვხედავთ მათ შორის, ფსიქოლოგიურ შედეგებს სხვადასხვა ადამიანზე, როდესაც მათზე სოციალურ ქსელში მიდის ბულინგი. ხოლო ვისზეც იტყვიან და თითს დაადებენ, რომ არის უდანაშაულო, რატომღაც ყველამ უნდა მიიჩნიოს უდანაშაულოდ. სამართლებრივ სასამართლოში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს. ამასთან ერთად, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილიც არის, ყველას შეუძლია, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რა დროსაც ხაზი გაუსვა, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და შესაბამისი განაჩენი გამოიტანა. მისივე განცხადებით, შეფასებები და განსჯა პირის მიმართ განაჩენს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

„არის სამართლებრივი სახელმწიფო და თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ პირი არის დამნაშავე, გამოაქვს განაჩენი. ამას შეფასებები და ადამიანების განსჯა ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. შეფასებებს რაც შეეხება, გვესმის, რომ ეპიზოდურად იცნობენ საქმეს, მათ შორის სახალხო დამცველმაც თქვა, რომ ის იცნობს საქმის ერთ ეპიზოდს. სხვებიც ამას ამბობენ და ასე ეპიზოდური, ზედაპირული შეფასებების საფუძველზე თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ განცხადებები, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე. სამართლებრივი სახელმწიფოს პატივისცემა გულისხმობს სასამართლოის გადაწყვეტილების პატივისცემას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.