შალვა პაპუაშვილი - პირადად გავაგზავნე მოქმედი კანონები ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ დასკვნები, რომელსაც გავეცნობით და გვექნება მსჯელობა, როგორ ვიმოქმედოთ
შალვა პაპუაშვილი - პირადად გავაგზავნე მოქმედი კანონები ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ დასკვნები, რომელსაც გავეცნობით და გვექნება მსჯელობა, როგორ ვიმოქმედოთ

გავეცნობით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ, გვექნება პასუხებიც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ვენეციის კომისიის შეფასებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მან პირადად რამდენიმე მოქმედი კანონი გააგზავნა ვენეციის კომისიაში და ელოდება შეფასებებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნებს, მე პირადად გავაგზავნე მოქმედი კანონები ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ დასკვნები. არა მხოლოდ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, არამედ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ყველა ამ დასკვნას გავეცნობით და როგორც დავდეთ პირობა ამ დასკვნებიდან გამომდინარე გვექნება მსჯელობა. ჩვენი დამოკიდებულებები დასკვნების მიმართ ხომ არის ცნობილი, გავეცნობით ამ დასკვნას, ვნახავთ, რა არგუმენტებია, რა არ არის, რა საკითხები მოიწონეს რა არ მოიწონეს, რა სამართლებრივი არგუმენტებია და ამის მიხედვით გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.