შალვა პაპუაშვილი - პარტიის არაკონსტიტუციურობას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებენ ადამიანები, რომლებიც არიან მისი იდეოლოგები და მმართველები 
შალვა პაპუაშვილი - პარტიის არაკონსტიტუციურობას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებენ ადამიანები, რომლებიც არიან მისი იდეოლოგები და მმართველები 

პარტია არ არის რაღაც იურიდიული ფორმა, პარტიის არაკონსტიტუციურობას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებენ ადამიანები, რომლებიც არიან მისი იდეოლოგები და მმართველები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით არ იყო მოწესრიგებული და მომზადებული ცვლილებებიც ამას უკავშირდება.

„ჩვენთან არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობისა და არაკონსტიტუციური ქმედებების გამო. საფრანგეთს ან სხვა ქვეყნებს რომ გადავხედოთ, ეს არის დამკვიდრებული სტანდარტი. ასე რომ, ზუსტად ამ სტანდარტის დამკვიდრება ხდება. ლოგიკური და გასაგებია, რომ პარტია თუ არის არაკონსტიტუციური, აღვივებს შუღლს, არღვევს ტერიტორიულ მთლიანობას, მოქმედებს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ეს პარტია უკვე მოქმედებს არა როგორც რაღაც იურიდიული პირი, არამედ წარმოადგენს იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის ქმედებას განაპირობებენ. ასე რომ, მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ჩვენ ამას საკონსტიტუციო სარჩელისთვისაც გამოვიყენებთ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.