შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის მიმართ 62-პროცენტიანი ნდობა გაკვეთილი უნდა იყოს ყველა უცხოელისთვის, რომელიც ცდილობს, ხელისუფლებას და პარლამენტს ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკოს
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის მიმართ 62-პროცენტიანი ნდობა გაკვეთილი უნდა იყოს ყველა უცხოელისთვის, რომელიც ცდილობს, ხელისუფლებას და პარლამენტს ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკოს

ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, „გორბის“ კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ ხალხს პარლამენტის მიმართ 62-პროცენტიანი ნდობა აქვს. ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც ცდილობს, საქართველოს, ქართველ ხალხს, მის ხელისუფლებას და პარლამენტს ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი, მის მიერ მიღებული კანონები და გატარებული რეფორმები სრულად მხარდაჭერილია ქართველი ხალხის მხრიდან.

„ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ქართველმა ხალხმა სწორედ ამას უპასუხა. როცა ვიღაცები ცდილობენ, ქართველი ხალხის მიმართ მეურვის როლი ითამაშონ, თითქოს ქართველ ხალხს საკუთარი აზრის დაფიქსირება არ შეუძლია, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი, მის მიერ მიღებული კანონები და გატარებული რეფორმები სრულად მხარდაჭერილია ქართველი ხალხის და მისი მოქალაქეების მხრიდან. ეს შედეგები აიღონ და რამენაირად შეეგუონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ მეათეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამით საქართველოს ეროვნული ინტერესები, ის პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, ვინც ქართველ ხალხს ემსახურება.

„რაც შეეხება ოპოზიციის მდგომარეობას, სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა ჯერ კიდევ ჰყავს. მაშინ, როცა ცნობილი გახდა, სააკაშვილს წამების რა სისტემა ჰქონდა, ამის მიუხედავად, წლებია, მის პარტიას და მისი ქოლგის ქვეშ არსებულ პარტიებს ხმას აძლევენ. ესეც სამწუხარო მოცემულობაა, თუმცა კვლევის მთავარი შედეგია, რომ „ქართული ოცნება“ მეათეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამით საქართველოს ეროვნული ინტერესები, ის პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, ვინც ქართველ ხალხს ემსახურება და არა – სხვა ხალხებს, სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ჯგუფებს და ხელისუფლებებს. რადიკალურ ოპოზიციას ჭკუა რომ ჰქონდეს, ამ კვლევიდან იმ დასკვნას გამოიტანდა, რომ შანსი აქვთ, საკრებულოებში წარმომადგენლები ჰყავდეთ. რადიკალური ოპოზიციის იმ ფრთას ვგულისხმობ, ვინც ამბობს, რომ არ აპირებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს კვლევა აჩვენებს, რომ შანსი აქვთ, წარმომადგენლობა ჰქონდეთ და საკრებულოებში საკუთარი ამომრჩევლის ხმა იყვნენ. ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საერთოდ გაქრებიან. პოლიტიკური ლანდშაფტიდან ყველა ის პოლიტიკური ძალა გაქრება და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, ვინც დემოკრატიულ პროცესს აცდება და საზოგადოებას არ დაანახებს, აქვთ თუ არა იმის სითამამე, რომ არჩევნებზე გამოვიდნენ და ქართველ ხალხს მანდატი სთხოვონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.