შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების დადებას, რათა მოხდეს ფასწარმოქმნის ჯაჭვის პროფესიული ანალიზი 
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების დადებას, რათა მოხდეს ფასწარმოქმნის ჯაჭვის პროფესიული ანალიზი 

პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების დადებას, რათა მოხდეს ფასწარმოქმნის ჯაჭვის და იმ სტრუქტურების პროფესიული ანალიზი, რომლებიც ჩართული არიან ფასების ჩამოყალიბებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ მიმართა.

„არსებობს საერთაშორისო ფირმები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რომელთა სპეციალიზაციაა, შეისწავლონ სხვადასხვა პროცესი კომპანიაში, მათ შორის ფასის წარმოქმნა და ამაზე კვალიფიციური დასკვნა დადონ. დასკვნა კომისიას დაეხმარება მათი პროფესიული, ექსპერტული მოსაზრებებით. ჩვენ შესაბამისს ორგანიზაციას მოვიძიებთ, რომელიც კომისიას დაეხმარება. ყველა ნახავს, რომ ეს პოლიტიკური პროცესი არ არის და პარლამენტი დაეყრდნობა არა პოლიტიკურ, არამედ პროფესიულ მოსაზრებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.