შალვა პაპუაშვილი - ხალხი უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე ცალკეული ჯგუფები, პარლამენტმა, სწორედაც ამ დიდი ჯგუფის წარმომადგენელმა, უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის არის კარგი
შალვა პაპუაშვილი - ხალხი უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე ცალკეული ჯგუფები, პარლამენტმა, სწორედაც ამ დიდი ჯგუფის წარმომადგენელმა, უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის არის კარგი

პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ხალხისთვის და ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჭიროება, რათა იყოს გამჭვირვალე უცხოური დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხალხი უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე ცალკეული ჯგუფები და პარლამენტმა უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის არის კარგი.

„ხალხი არის ფართო ცნება და ხალხი არის, სულ მცირე, 3.7 მლნ მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ასევე, ჩვენი მოქალაქეები ქვეყნის გარეთ. ხალხი უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე ცალკეული ჯგუფები. რაც შეეხება რას აკეთებს პარლამენტი და რა უნდა გააკეთოს: პარლამენტმა – სწორედაც ხალხის, ამ დიდი ჯგუფის წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის კარგი.

ასე თუ მივყვებით, ოპოზიციამ 2022 წელს შეძლო, მათ შორის, მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის მობილიზება, რათა მოეთხოვათ მოხალისე მებრძოლების უკრაინაში გაშვება. უნდა გაგვეშვა? მათ მოახერხეს 2022 წელს ხალხის მობილიზება რუსთაველზე, რომლებიც ითხოვდნენ, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. უნდა დაგვეწესებინა? მათ მოახერხეს გარკვეული რაოდენობის ხალხის მობილიზება რუსთაველზე, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა. უნდა გაგვეთავისუფლებინა? ეს ასე არ წყდება. ხალხი წყვეტს, უპირველეს ყოვლისა, არჩევნებზე საკუთარი წარმომადგენლებისთვის თავისი მანდატის მინიჭებით.

პარლამენტში წარმოდგენილი არის ყველა პოლიტიკური გემოვნება, ასე ვთქვათ, რაც საზოგადოებაში არის და პარლამენტი სწორედ არის ასახვა საზოგადოებისა, თავისი ინტერესებით, ჯგუფებით, სიმცირით თუ სიდიდით. ამის ასახვა არის საქართველოს პარლამენტში და ამიტომაც არის საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმირებული, რომ მიიღოს ასეთი სახის გადაწყვეტილება. ამიტომ პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭირო არის ხალხისთვის და ამ დღეებმა დაადასტურა კიდევ ერთხელ საჭიროება ამ კანონის, რათა იყოს გამჭვირვალე უცხოური დაფინანსება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება, უპირატესად, ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ჩვენთვის განმსაზღვრელი არის ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობა არის მთავარი ევროპული პრინციპი.

„მანიპულაციაა, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა, ეს არის დოგმატიზმი, რადგან რაღაც თეთრია თუ შავია, უნდა გადაწყდეს არგუმენტით, არა ისე, ვინ რა თქვა. მთელი პრობლემა არის, რომ ჩვენ გვაქვს დოგმებით საუბარი – იმან რომ თქვა? ამან რომ თქვა? მოსკოვმა რომ თქვა? ვაშინგტონმა რომ თქვა? ეს არის ავტორიტეტებით და არა არგუმენტებით საუბარი. რაც შეეხება ავტორიტეტებით საუბარს, არის თუ არა სწორი, მხოლოდ ავტორიტეტებზე დაყრდნობით ვიმოძრაოთ, ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ უნდა დაგვეწესებინა სანქციები და ეს იქნებოდა კატასტროფა ქართველი ხალხისთვის. მაშინ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა. იგივე ავტორიტეტები აქეთკენ გვიბიძგებდნენ, ეს იქნებოდა კატასტროფა ხალხისთვის. ბევრი სხვა, იგივე ავტორიტეტები ჩვენ რისკენაც გვიბიძგებდნენ პირდაპირ, ირიბად, ღიად, დახურულ კარს მიღმა. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის საღი, გონივრული განსჯის შედეგად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.