შალვა პაპუაშვილი - ოთხი წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა ცნება - ქვეყნის ეროვნული ინტერესი, როგორც სახელმწიფოებრიობის მთავარი მდგენელი
შალვა პაპუაშვილი - ოთხი წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა ცნება - ქვეყნის ეროვნული ინტერესი, როგორც სახელმწიფოებრიობის მთავარი მდგენელი

ორიოდე კვირის წინ შესრულდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეცხლში გახვეულ ევროპას. ოთხი წელია, ვუყურებთ მისი, ტერიტორიულად უდიდესი, სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უუნარობას, გაუმკლავდეს სულ უფრო მზარდ კრიზისს,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თითოეული დღე, რომელიც ომის დღის წესრიგით თენდება, ამძაფრებს გეოპოლიტიკურ კრიზისს და აღრმავებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეროზიას. ჩვენ ვხედავთ სრულ უუნარობას, გადაიდგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რომელიც დაასრულებდა ომს, უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მათი სახელმწიფოს ნგრევას.

,,ოთხი წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ხმამაღლა ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა მთავარი ცნება – საქართველოს ეროვნული ინტერესი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი და მდგენელი.

სწორედ ამიტომ აღშფოთდნენ ის ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ქედმაღლურად უყურებდნენ, ჩვენ მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება გააჩნდათ და საკუთარ გეოპოლიტიკურ სცენარში „გასაწირი პაიკის“ როლი მოგვაკუთვნეს. მათთვის უცხოური მეურვეობა, სადამრიგებლო ჭკუის-სწავლებები, ქსელური აქტივიზმი და მრავალშრიანი გარე დაფინანსება უნდა ყოფილიყო ის ბერკეტი, რომლითაც ომის ხანაში საქართველოსთვის თავს უნდა მოეხვიათ ახალი „ფუნქცია“ – საკუთარი სისხლი დაეღვარა სხვისი უსაფრთხოებისთვის, საკუთარი მიწა დაეკარგა სხვისი მიწის შენარჩუნებისთვის, საკუთარი მომავალი გაეწირა სხვისი კეთილდღეობისთვის“, – განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.