შალვა პაპუაშვილი -  ოპოზიციური პარტიები 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი საუბრობენ ზიზღის ენით, მიმართავენ ფაბრიკაციებს, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაც არის ამ პროგრამის ნაწილი
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციური პარტიები 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი საუბრობენ ზიზღის ენით, მიმართავენ ფაბრიკაციებს, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაც არის ამ პროგრამის ნაწილი

ოპოზიციური პარტიები 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის არ ემზადებიან. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობთ ხალხის საჭიროებაზე, დედაქალაქის განვითარებაზე, ოპოზიცია კი საუბრობს ზიზღის ენით, მიმართავს ფაბრიკაციებს. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაც არის მათი ამ პროგრამის ნაწილი. არის თუ არა ეს ჩანაწერები, ეს საკითხავია, რადგან რაც ვიხილეთ, არის ფურცელზე დაწერილი ტექსტები, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნების გაკეთება რთულია.

„გამოძიება მიმდინარეობს და ყველას მოვუწოდებ, გამოძიებასთან ითანამშრომლონ. რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, რაიმე კომენტარის გაკეთება უკვე რთულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან ბევრი საუბარია და ნაკლები შინაარსი. გიორგი გახარიას გუნდი ჩამოყალიბდა რაღაც გარსად, რომელსაც არანაირი შიგთავსი არ აქვს. მათი მხრიდან საოცარი განცხადებები გვესმის. გუშინ მოვისმინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 100-პროცენტიანი მხარდაჭერაც რომ მიიღოს, მაინც რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს. არ ვიცი, ეს ადამიანები რა სფეროში გავიდნენ და საიდან იყურებიან. ეს ადასტურებს, რომ გახარიას გუნდის ერთადერთი დანიშნულებაა, თბილისში რამენაირად უზრუნველყოს მეორე ტური და ამით გააძლიეროს ნიკა მელია. ასევე რამენაირად უზრუნველყოს „ქართული ოცნების“ დაზიანება. მათ თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზანი არ აქვთ, რადგან იციან, რომ გაიმარჯვებენ კი არა, რომელიღაც საკრებულოში ერთი-ორი ადგილისთვის თუ იბრძოლებენ. მათი ერთადერთი მიზანია, უზრუნველყონ „ქართული ოცნების“ დაზიანება, მათ მხოლოდ დამხმარე ფუნქცია გააჩნიათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.