შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადება და პროტესტის ეს ფორმები მათი გადასაწყვეტია, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს სწორი ფორმა არ არის
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადება და პროტესტის ეს ფორმები მათი გადასაწყვეტია, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს სწორი ფორმა არ არის

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადება და პროტესტის ეს ფორმები მათი გადასაწყვეტია, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს სწორი ფორმა არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„არ მგონია, რომ არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად, ჯანმრთელობის რისკის წინაშე დაყენება და გადაწყვეტილების მიღების იძულება, სწორი ფორმა იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემა პროცედურებს სრულად მიჰყვება.

„სასამართლოს წინაშე წარდგომის სამი ფორმა არსებობს. ერთი არის ფიზიკურად დარბაზში ყოფნა. მეორე – სასამართლო დარბაზში, ოღონდ დისტანციურად ჩართვის მეთოდით და მესამე არის სასამართლო პროცესის სასჯელაღსრულების დარბაზში გამართვა. სამივე ეს ფორმა განსასჯელის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და სამივე ფორმა მისი დაცვის უფლების სრულ განხორციელებას წარმოადგენს. ჩვენ მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ამ სამი ფორმიდან ორი – დისტანციური ჩართვა ან პროცესის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვა შესთავაზეს. იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემა პროცედურებს სრულად მიჰყვება. სააკაშვილს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს, ასევე შეუძლია დისტანციურად ჩართვის ან სასამართლო სხდომაში ფიზიკურად მონაწილეობა, თუ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.