შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იმდენი ხანია, რიგგარეშე სესიაზე საუბრობენ, რომ უკვე მალე მორიგი სესია მოვა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იმდენი ხანია, რიგგარეშე სესიაზე საუბრობენ, რომ უკვე მალე მორიგი სესია მოვა

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციის ლამის ნახევარი საზღვარგარეთ არის, არ მგონია, რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა ჰქონდეთ, ამ სესიას არანაირი შინაარსი არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე სესიაზე ისე საუბრობენ, თითქოს პარლამენტი ისვენებს. პაპუაშვილის განცხადებით, ისვენებს რადიკალური ოპოზიცია და არ მუშაობს.

„უკვე იმდენი ხანია, ამაზე საუბრობენ, რომ ახლა უკვე მალე მოვა მორიგი სესია. ასე რომ, მგონი, მორიგ სესიამდე ვერ შეთანხმდებიან, მარტივი მიზეზის გამო, თვითონაც ხვდებიან, რომ დღის წესრიგი არ აქვთ ამ სესიისთვის. რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არის მხოლოდ რადიკალიზაციის სურვილი. გარდა ამისა, რაც შეეხება ხელმოწერებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხედავთ, საჯაროდაც ჩანს, რომ ოპოზიციის ლამის ნახევარი საზღვარგარეთ არის. ასე რომ, არ მგონია, მათ ჰქონდეთ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა. საუბარი გვესმის, შინაარსი ამ სესიას არ გააჩნია არანაირი. რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არის სწორედ რადიკალიზაცია. რაც მოვისმინე, რომ რაღაც პროექტი ინიცირებულია და ეს განვიხილოთ, ეს არის არაინკლუზიური პოლარიზაციის ხელშემწყობი მიდგომა. რასაც გვეუბნებიან ევროკავშირში, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი,  ნიშნავს, ყველამ ერთად განიხილოს იდეები, განხილვის შესაბამისად შემდეგ გაკეთდეს კანონპროექტი, იქნეს ინიცირებული, მოხდეს განხილვა პარლამენტში. ხაზს ვუსვამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც არ უნდა რიგგარეშე სესიების მოწვევა იყოს, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას, კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია. ამიტომ, მათ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე, რომელიც მიმდინარეობს ყოველდღიურად, არ აქვთ. რიგგარეშე სესიაზე ისე საუბრობენ, თითქოს პარლამენტი ისვენებს. პარლამენტი ჩვეულებრივად მუშაობს. ერთადერთი, ვინც ისვენებს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ვხედავთ, რომ ისინი არ მუშაობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.