შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი

ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი, რადგან თუ მათ ჰგონიათ, რომ პარლამენტის შემადგენლობის 3/5 რაღაცის მიღებაში უნდა აიძულონ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ არ იქნება თანამშრომლობა და იქნება პოლარიზაცია, რა აზრი აქვს ცვლილებებს.

„ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი, რადგან თუ მათ ჰგონიათ, რომ პარლამენტის შემადგენლობის 3/5 რაღაცის მიღებაში უნდა აიძულონ. როცა ცვლილებები პირველი მოსმენით მივიღეთ, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალდებულება, ეს ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მიიღოს, ან არსებული შინაარსით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პარტიებს შორის ურთიერთობა და პოლიტიკური კონტექსტი. ეს ცვლილებები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს და პარტიებს შორის თანამშრომლობა იყოს. თუ არ იქნება თანამშრომლობა და იქნება პოლარიზაცია, რა აზრი აქვს ცვლილებებს? სინამდვილეში, ოპოზიციას არც რიგგარეშე არჩევნები არ აინტერესებს, რადგან ერთ წელში ორი არჩევნები ჩატარდა და ორივეში დამარცხდნენ, მიტინგებში დამარცხდნენ. სადაც კი ხალხს ნების გამოხატვა სთხოვეს, მიტინგზე, არჩევნებზე თუ რეფერენდუმზე, ყველგან დამარცხდნენ. მათ უნდათ ისეთი საკითხები, რითაც კიდევ მეტ მღელვარებას, არეულობას გამოიწვევენ. მთელი პარადოქსი იმაშია, რომ ოპოზიცია ერთ აბზაცში ორ იდეას ატევენ – საუბარს იწყებენ იმით, რომ დეპოლარიზაცია და თანხმობა უნდა იყოს და საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ შემდეგ წინადადებაში ამბობენ, რომ მეორე დღესვე ქუჩაში უნდა გავარდნენ და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ და გამოიწვიონ უთანხმოება და პოლარიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.