შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ სუს-ის  განცხადების შინაარსი თავადვე დაედასტურებინა, იარაღი, „მოლოტოვის კოქტეილები“, შიდა, გარე ძალების ჩარევა მათგან ახალი არ არის
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ სუს-ის განცხადების შინაარსი თავადვე დაედასტურებინა, იარაღი, „მოლოტოვის კოქტეილები“, შიდა, გარე ძალების ჩარევა მათგან ახალი არ არის

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და „ენჯეოები“ ერთგულები არიან არა საქართველოსი, არამედ სხვა ქვეყნების. სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა დროშაზე იფიცებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რამდენიმე დღეში თავადვე დაადასტურა არეულობასა და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება.

„ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შემდეგ, როგორი ხელოვნური ირონიით ცდილობდნენ საკითხის კომენტირებას და რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ თავადვე დაედასტურებინათ ამ განცხადების შინაარსი. იარაღი, „მოლოტოვის კოქტეილები“, შიდა, გარე ძალების ჩარევა, ეს ყველაფერი ხომ ახალი არ არის. ერთგული და ლოიალური არიან სხვა ქვეყნების მიმართ, ვერავინ გაბედა ერთი კრიტიკული სიტყვა ეთქვა უკრაინის კონტრდაზვერვასთან დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელის მოადგილეც გია ლორთქიფანიძე საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე სააკაშვილის შემოყვანით გეგმავდა არეულობას. ამ ქვეყანაში არ გამოჩნდა არცერთი უცხოური დაფინანსების მქონე „ენჯეო“, რომელიც რაიმენაირად კრიტიკულ სიტყვას იტყოდა ამაზე, არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამოჩნდა ამ ქვეყანაში, რომელიც ამას იტყოდა. ისინი ერთგული არიან არა საქართველოსი, სხვა ქვეყნების, სხვა დროშების, სხვა გერბების და სხვა ჰიმნების. გავიხსენებდი 26 მაისს, გახსოვთ, როგორი ელეთმელეთი დაემართათ ქართულ დროშაზე და პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ ევროკავშირის დროშას ითხოვდნენ, სხვა ქვეყნების დროშას, რადგან მათი დროშა საქართველოს დროშა არ არის, მათი გერბი საქართველოს გერბი არ არის და მათი ჰიმნი საქართველოს ჰიმნი არ არის. სხვა ჰიმნებს მღერიან და სხვა დროშაზე იფიცებენ, სხვა გერბთან დგებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.