შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, ისტორიულ საკითხებში მონაწილეობა მიიღონ და განზე ნუ დარჩებიან
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, ისტორიულ საკითხებში მონაწილეობა მიიღონ და განზე ნუ დარჩებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, ისტორიულ საკითხებში მონაწილეობა მიიღონ და განზე ნუ დარჩებიან.

ჟურნალისტებთან საუბარში შალვა პაპუაშვილი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ოპონენტებისგან გვესმის, რომ ეს პარლამენტი ძალიან მდორეა, არ არის მსჯელობა. მათ მოვუწოდებ, შემოვიდნენ, მათ შორის „მოქალაქეებს“. იცით, რომ მათ განათლება აინტერესებთ და მობრძანდნენ, მათ შორის განათლების რეფორმის ახალ სტრატეგიაზე ვიმსჯელოთ. შემოვიდნენ, ამ ისტორიულ საკითხებში მონაწილეობა მიიღონ და განზე არ დარჩნენ, როგორც წინა პარლამენტის დროს, მაშინდელი ოპოზიცია. ისინი განზე იყვნენ, როცა საქართველომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერა, ასევე როცა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია მიიღო და ახლაც ნუ დარჩებიან განზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს არანაირი რეპუტაციული ზიანი არ აქვს და ამის შესახებ იმ მილიონ ადამიანს შეუძლიათ ჰკითხონ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.

„ოპოზიციის მხარდამჭერებსაც შეგიძლიათ, ჰკითხონ – მათი რჩეულები უარს რომ ამბობენ, სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებაზე. ეს პარლამენტი შედგა, ორმა მილიონმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო, აქტივობა დიდი იყო. პოლიტიკოსებმა ამ საკითხს პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ. ეს ადამიანები, 56 პირი არის პარლამენტის წევრი, შეუძლიათ, ამ შენობის კარი შემოაღონ და მობრძანდნენ კომიტეტებში თუ საკუთარ კაბინეტებში. მათ არანაირი შეთანხმება არ სჭირდებათ. ყველა საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაფიქრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.