შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია უნდა შეეშვას კერპთაყვანისმცემლობას და არც სამუშაო ჯგუფიდან, არც კომიტეტის შეხვედრიდან, არც მრგვალი მაგიდიდან კერპები არ უნდა შექმნას
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია უნდა შეეშვას კერპთაყვანისმცემლობას და არც სამუშაო ჯგუფიდან, არც კომიტეტის შეხვედრიდან, არც მრგვალი მაგიდიდან კერპები არ უნდა შექმნას

ოპოზიცია კონცენტრირებულია ტერმინებზე და მათ გაფეტიშებაზე, აქ ჩანს, რომ მათ შინაარსის მიმართ ინტერესი არ აქვთ. შარშან აძაგებდნენ სამუშაო ჯგუფს, როგორც ტერმინს და დღეს აფეტიშებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცხრა დათქმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტერმინებზე ჩაჭიდება აჩვენებს, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს შინაარსი და შედეგი.

„ვადები არის სამოქმედო გეგმაში და ჩვენ მივყვებით ამას. ნაახალწლევს ისტერია რომ დაიწყო ოპოზიციამ, სამუშაო ჯგუფები შეიქმნას და დავიწყოთ გეგმის განხორციელებაო, გამორჩათ, მგონი, რომ ჩვენ ამ გეგმის განხორციელება დეკემბერში დავიწყეთ. მაშინ, როდესაც მივიღეთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეხებოდა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების სრულ აკრძალვას. მაშინ ამას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ასე რომ, ოპოზიცია უკვე იმ კალაპოტშია, სადაც ისინი აქამდე იყვნენ. ისინი მხარს არ უჭერენ საქართველოს მიერ ამ გეგმის განხორციელებას, რომელიც ემსახურება ევროკავშირთან ურთიერთობის შემდეგ ნაბიჯზე გადასვლას.

რაც შეეხება ფორმატებს, ჩვენ გვექნება შეთავაზება სხვადასხვა ფორმატის, შეხვედრების შესახებ. უახლოეს მომავალში გვექნება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც და ასევე საპარლამენტო ოპოზიციისთვის შეთავაზებული ფორმატები, რომ განვიხილოთ საკითხები, რომლებიც არის. იცით, რომ ამასობაში ჩვენ მივიღეთ უკვე ვენეციის კომისიის დასკვნები სხვადასხვა საკითხზე. ასე რომ, მოემზადონ. ისე ნუ იზამენ, როდესაც ჩავნიშნავთ შეხვედრას, თქვან, რომ დრო არ ჰქონდათ მოსამზადებლად. დრო აქვთ უამრავი. გუშინ თუ არ ჰქონდათ წაკითხული, დღეს დაიწყონ კითხვა, მოემზადონ და ამ შეხვედრებზე თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შეეშვას კერპთაყვანისმცემლობას და არც სამუშაო ჯგუფიდან, არც კომიტეტის შეხვედრიდან და არც მრგვალი მაგიდიდან კერპები არ უნდა შექმნას.

„იდეა არის, რომ უნდა იყოს სათანამშრომლო გარემო, სადაც როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა შეძლებს ერთმანეთთან საუბარს ამ საკითხებზე. ამას დაერქმევა სამუშაო ჯგუფი, სამუშაო შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია თუ ოლიმპიადა, ეს სხვა საკითხია, მთავარი არის არსი. როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიცია კონცენტრირებულია ტერმინებზე და მის გაფეტიშებაზე, აქ ჩანს, რომ მათ ინტერესი შინაარსის მიმართ არ აქვთ. შარშან აძაგებდნენ სამუშაო ჯგუფს, როგორც ტერმინს და დღეს აფეტიშებენ. ტერმინებზე ჩაჭიდება აჩვენებს, რომ მათ არ აინტერესებთ შინაარსი და შედეგი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.