შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის პიკში აყვანა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის პიკში აყვანა

ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნული კოემენტარით პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას: „ქართული ოცნების“ აქტივი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების სხვადასხვა მაღალჩინოსანი ხელს უშლიან რეგიონებში პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლარიზაციას აღრმავებენ, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?“.

პაპუაშვილის თქმით, ამისი დაბრალება ოპოზიციის პოლარიზაციის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია.

„იმის დაბრალება, თითქოს, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, ერთ-ერთი ნაწილია სწორედ პოლარიზაციის დღის წესრიგის, რომელიც ოპოზიციას აქვს. ოპოზიცია რაღაცნაირად თანმიმდევრული უნდა იყოს. ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. ოპოზიციას უნდა, სიტუაცია პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს. როცა მთავრობის გადადგომას ითხოვ, დემოკრატიის ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას ცდილობ და ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და შეიძლება, ადგილზე მოქალაქეებთან შეხვედრებისას კონფლიქტი ჰქონდეს, არათუ არათანმიმდევრულია, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა. „ქართულ ოცნებას“ საქართველოში მხარს უჭერს მილიონი მოქალაქე. რა თანხმობაზეა საუბარი, როცა პროტესტით უნდათ მთავრობის შეცვლას მიაღწიონ. თანხმობა თავშივეა გამორიცხული, რადგან ამბობენ, ვიღაც უნდა აიძულონ, გადადგეს, ვიღაც უნდა აიძულონ, რაღაცას დათანხმდეს. ეს თავისთავად პარადოქსია. როგორ იქნება ეროვნული თანხმობა, სადაც არის იძულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.