შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ითხოვს, ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში უცხოური საელჩოების მიერ დანიშნული ხალხიც ჩაერთოს, ამის არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ჩვენი თანხმობა არ არის
ოპოზიცია აყენებს ე.წ. ვეტინგის სისტემის საკითხს, რომლის მიხედვითაც, მათ შორის, უცხოური საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში. მათგან ვერ მივიღეთ არგუმენტი, რა არის ამის საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ასეთი მოთხოვნა არასერიოზულია.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს. საინტერესო დისკუსია გვქონდა და ჩავედით სიღრმეებში ყველა საკითხში, ისტორიულ სიღრმეებში და სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ვისაუბრეთ. ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიული კომიტეტის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვისაც. ერთადერთი საკითხი, რასაც ისინი აყენებენ და რომელიც არ გახლავთ მოთხოვნა ვენეციის კომისიის, ეს არის ე.წ. ვეტინგის სისტემა, სისტემა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის, უცხოური საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავსვით საკითხი, რა არის ამის საფუძველი, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, რაზეც არგუმენტი ვერ მივიღეთ.
ვკითხეთ, რაიმე უსამართლო გადაწყვეტილებები ხომ არ გამოდის? არცერთი მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ რაიმე სისტემური პრობლემაა. ყველა სასამართლო საქმეზე, რომელზეც იყო ხოლმე მითითება – „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ახალაიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე, რომლითაც ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, თითქოს მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული, ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა, იყო მტყუანი. ასეთი ბევრნი იყვნენ, თავს ესხმოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ზოგიერთი უცხოელი აქტორიც კი. თუ გაიხსენებთ „რუსთავი 2“-ის, სააკაშვილის, ახალიას საქმეებს, ნახავთ განცხადებებს, როგორ გვიფასებდნენ ამას უკუგადადგმულ ნაბიჯად, როგორ გამოხატავდნენ შეშფოთებებს. ყველა აღმოჩნდა მტყუანი ქართულ მართლმსაჯულებასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ და თქვან, შევცდით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხუთი წელი ვაჯანჯღარეთ ქართული საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ, ახლაც ოპოზიცია ითხოვს, რომ მოსამართლეები სიღნაღიდან მესტიამდე უნდა გავატაროთ რაღაც სპეციალურ ფილტრში. ეს არასერიოზულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანხმობა აქ არ არის.
მაგალითებად მოჰყავთ უკრაინა და მოლდოვა. სწორედ მოლდოვაში უცხოელებმა დანიშნეს კომისიის წევრები, რომლებმაც გადაამოწმეს თუ გადამოწმების ფილტრში გაატარეს მოლდოველი მოსამართლეები. მოლდოვაში კომისიაში უცხოელების მიერ დასახელებული იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. ასეთი წარმოდგენა თუ აქვთ, ასეთმა ხალხმა უნდა გადაამოწმოს ქართველი მოსამართლის კეთილსინდისიერება თუ სხვა რამ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით. დაჟინებით ვკითხულობთ, რა არის საბაბი, არგუმენტი, რატომ არის ეს საჭირო, მაგრამ ამას ვერავინ გვეუბნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, – დაუსაბუთებელი ქონებები აქვთ მოსამართლეებს და ხომ არ არის საჭირო თუნდაც „ვეტინგის“ სისტემა იყოს შემოღებული, – პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ, ამიტომ ეს არგუმენტი არ არის.
„არგუმენტად ეს თუ თქვეს, რომ ოთხასი მოსამართლის ფილტრი იმიტომ არის ჩასატარებელი, დაუსაბუთებელი ქონება შეამოწმონ, მაშინ მათ კვალიფიკაციასთან გვქონია პრობლემა, ვინც ამ არგუმენტს ამბობს. მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები. ეს არის დეკლარაციის გადამოწმება, დაუსაბუთებელი ქონების გადამოწმება – შემოსავალსა და გასავალს შორის არის თუ არა დისბალანსი და შემოსავლის წყარო რა არის. დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო, სწავლობს, დეკლარაციებში ხომ არ არის შეუსაბამობა. დეკლარაციაში შეიძლება იყოს მინიშნება, რომ ქონება არის დაუსაბუთებელი. ასე რომ, ესეც არ არის არგუმენტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.