შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია გარედან დასახული ნაბიჯებით მოქმედებს, ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ რასა იუკნევიჩიანესა და სხვებს არ ვუჯერებთ, იდეალურ მონებად ჩამოყალიბდნენ
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია გარედან დასახული ნაბიჯებით მოქმედებს, ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ რასა იუკნევიჩიანესა და სხვებს არ ვუჯერებთ, იდეალურ მონებად ჩამოყალიბდნენ

რადიკალური ოპოზიცია გარედან დასახული ნაბიჯებით მოქმედებს, სინამდვილეში, იდეალურ მონებად ჩამოყალიბდნენ. ქართველებმა პოლიტიკური განაჩენი გამოიტანეს, როცა თქვეს, რომ უცხოს მონებს ხელისუფლებაში არ მოიყვანენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ყოველწლიური ანგარიშზე დაუსვეს კითხვა.

„ოპოზიციას გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ ისინი გარედან დასახული ნაბიჯებით მოქმედებენ. ამას პირდაპირ ამბობენ. საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ რასა იუკნევიჩიანესა და სხვებს არ ვუჯერებთ. ამბობენ, რომ სწორი პოლიტიკაა არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოძრაობა და საკუთარი ხალხისთვის ყურის დაგდება, არამედ უცხოელებისთვის. სინამდვილეში, იდეალურ მონებად ჩამოყალიბდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია „მონას“ ხშირად იყენებს. ფსიქოლოგიაში არსებობს განსაზღვრება – პროექცია, როცა ადამიანი იმ მიზნით, რომ გაექცეს და დაემალოს თავის უარყოფით თვისებებს, ამის პროექცირებას სხვაზე ახდენს, სხვას მიაწერს თვისებებს. „მონა, მონას“ ძახილი შემთხვევითი არ არის. ეს ფროიდისეული წამოცდენაცაა. ისინი ხვდებიან, რომ თავად არიან იდეალური მონები, რომლებიც მზად არიან, ერთ დაძახებულზე ცალ ფეხზე დადგნენ და საკუთარი სამშობლო დაასმინონ. გუშინ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ადამიანები ვნახეთ, რომლებიც ბრიუსელში სამშობლოს დასასმენად იდგნენ. არაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ კომიტეტებში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ჩვენებებს იძლევიან. სინამდვილეში, ცუდ პროცესებს, რასაც სამშობლოს დასმენის თვალსაზრისით „ენჯეოებისა“ და ოპოზიციის სპექტრში ვაკვირდებით, რაღაც მხრივ პოზიტიური მხარეც აქვს. იმას, რაც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს და საარქივო მასალებში გვინახავს, როგორ ღალატობდნენ საკუთარ ქვეყანას, ასმენდნენ ერთმანეთს, ახლა ამას პირდაპირ ეთერში ვხედავთ და ვისმენთ. ეს ადამიანები საკუთარ სამშობლოს სხვებთან ასმენენ. პირდაპირ ეთერში ვხედავთ, სამშობლოს ღალატი რას ჰქვია.

რაც შეეხება მოწოდებას, არც თარგმნის და არც ორიგინალის შინაარსი არ მაინტერესებს, რადგან საქმე გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელმაც იმავე დოკუმენტში და განხილვების დროს თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიის აღმშენებელია და მიხეილ სააკაშვილი – დემოკრატიის შუქურა, რომელიც უნდა გავათავისუფლოთ. ესენი არიან ღირებულებით კრიზისში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც უყურებ და გაოგნებული ხარ, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა, როგორ გვესმის ევროპა და რას ვუყურებთ? – ვუყურებთ, საბჭოთა „ცეკას“ დონეზე განხილვებს, სადაც მიყვანილი ჰყავთ დამსმენები, მოწყობილი აქვთ „ტროიკები“, რომ მთელი ხალხი გაასამართლონ. ამ მხრივ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა რასა იუკნევიჩიანე. მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი დამნაშავეა. დამნაშავედ გამოაცხადა მილიონ 200 ათასი ადამიანი. ამაზე მეტი „ტროიკა“ და საბჭოთა რეპრესიული აზროვნება რა შეიძლება იყოს? არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, ნაკლებად რელევანტურია, რადგან შანსი არ აქვთ. ქართველებმა პოლიტიკური განაჩენი გამოიტანეს, როცა თქვეს, რომ უცხოს მონებს ხელისუფლებაში არ მოიყვანენ. უცხოს მონები, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ მოხვდება. სხვა მხრივ, გარედან რას ეუბნებიან, ვინ როგორ შეასრულოს კარგი და ცუდი პოლიციელის როლი, ზოგი კონსტრუქციული ჩანდეს და ზოგი დესტრუქციული, ეს ოპერა და კინო ნანახი გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ნათქვამია: „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.