შალვა პაპუაშვილი - ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ მომავალზე და რა გვაერთიანებს, აქეთკენ იყო მიმართული პრემიერის განცხადებაც
შალვა პაპუაშვილი - ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ მომავალზე და რა გვაერთიანებს, აქეთკენ იყო მიმართული პრემიერის განცხადებაც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურსი არსებობს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებისთვის ღიაა.

თუმცა, პაპუაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკება, არამედ შეთანხმება და პრემიერის განცხადებაც ამისკენ იყო მიმართული.

„ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ მომავალზე, იმაზე, რა გვაერთიანებს და ასევე იმაზეც, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამ საკითხს უნდა დაუფიქრდნენ და საკუთარ თავში მოძებნონ ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის. მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, არამედ შეთანხმება. აქეთკენ იყო მიმართული ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, როცა საუბრობდა, რომ დიალოგი უნდა იყოს გულწრფელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწოდებული უნდა ვიყოთ შეთანხმებისთვის და არა დაბულინგებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუშინდელი მდგომარეობით პროცესები დაუბრუნდა კანონის კალაპოტსა და ჩარჩოს, ამას აქვს მნიშვნელობა. თუ იქნება ქაოსი და უკანონობა, ამ შემთხვევაში, რთულია, იყოს რამე შეთანხმება. საბაზისო საკითხებზე უნდა იყოს კონსენსუსი, საბაზისო საკითხია, რომ კანონი იყოს აღსრულებული და ყველა პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს ამყოფებს მოჯადოებულ წრეში. ეს წრე იწყება პირველი ნოემბრიდან, როცა მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ, როდესაც შედეგები ჯერ კიდევ არ იყო დათვლილი.საკუთარი პოზიცია ვერაფრით რომ ვერ გაამყარეს, დაიწყეს საუბარი ისევ რიგგარეშე არჩევნებზე. მოჯადოებულ წრეზე ტრიალებენ და არსებობს ამის გარღვევის ორი შესაძლებლობა – წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ არჩევნებზე არ აისახა მოსახლეობის ნება, ამის შესაძლებლობა აქვთ დროებით საგამოძიებო კომისიაში, ან მეორე მხრივ, რეალობას უნდა ჩახედონ თვალებში, მანდატი აიღონ და პარლამენტში შემოვიდნენ, აქ ვისაუბროთ ხარვეზებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გახსნან გულწრფელი დიალოგი, ისაუბრონ არა იმაზე, რა ყოფთ, არამედ იმაზე, რამ უნდა გააერთიანოთ“.