შალვა პაპუაშვილი - ოპონენტების მხარეს სიძულვილის შემცველი ენა ჭარბად არის და განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა მონიშნავენ ადამიანს, რომელიც არ იზიარებს მათ თვალთახედვას
შალვა პაპუაშვილი - ოპონენტების მხარეს სიძულვილის შემცველი ენა ჭარბად არის და განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა მონიშნავენ ადამიანს, რომელიც არ იზიარებს მათ თვალთახედვას

სამწუხაროდ, ოპოზიციაში ზოგიერთს ახასიათებს, რომ ისინი სამყაროს ყოფენ ორ ჯგუფად – ვინც მათ აზრს იზიარებს და ვინც არ იზიარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ასეთი განცხადებები, არათუ სწორი არ არის პოლიტიკურად, არამედ ადამიანურადაც.

„ბოლო პერიოდში ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. ოპონენტების მხარეს ზიზღისა და სიძულვილის შემცველი ენა ჭარბად არის და განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა მონიშნავენ ადამიანს, რომელიც არ იზიარებს მათ თვალთახედვას. ეს არის მთავარი არაევროპული ქცევა და არადასავლური ღირებულება. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ზოგიერთს ის ახასიათებს, რომ ისინი სამყაროს ყოფენ ორ ჯგუფად – ვინც მათ აზრს იზიარებს და ვინც არა. ვინც არ იზიარებს, იმ მომენტშივე მტრებად ცხადდებიან. იცით, რომ იან კელის მიმართ პოზიტიური განცხადებები კეთდებოდა.ისე გამოჰყავდათ, თუ რამდენად მხარს უჭერს თითქოს ოპოზიციას და მათ პოზიციებს ამყარებს, როგორც კი, ის მოისმინეს, რაც მათ ნარატივში არ ეწერებოდა, იმ წამსვე გამოაცხადეს მტრად და არა მხოლოდ მტრად გამოაცხადეს და მისი მოხსენიება ზიზღის შემცველი ენით დაიწყეს.

დიდი ხანია, ჩვენი ოპონენტების ეს ნაწილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულად აღარ აღიქმებიან და განცხადებები, რომლებიც კეთდება დასავლეთიდან, არის სწორედ ამის ყველაზე კარგი დასტური. ოპონენტების ის ნაწილი, ვინც მსჯელობს მხოლოდ მომხრე-მოწინააღმდეგის ლოგიკით და მათ აზრს არ იზიარებს, მტერია და მის მიმართ მიდის სიძულვილის ორგანიზებული კამპანია, დიდი ხანია ასეთი პოლიტიკოსები და ადამიანები სერიოზულად აღარ აღიქმება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.