შალვა პაპუაშვილი - ოპონენტები ცდილობენ შებრუნებული რეალობის წარმოჩენას, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში
შალვა პაპუაშვილი - ოპონენტები ცდილობენ შებრუნებული რეალობის წარმოჩენას, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპონენტები დასავლელი პარტნიორების თვალში შებრუნებული რეალობის წარმოჩენას ცდილობენ.

ამასთან, მისი განცხადებით, შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება მაღალ დონეზე ჩაატარა და აღნიშნა, რომ „ზედმეტი არაფერი მომხდარა“.

„ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ცდილობენ შებრუნებული რეალობის წარმოჩენას, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. შებრუნებული რეალობაა, თითქოს კანონის დარღვევა არის სამართალი, როდესაც ცხოვრობ დამოუკიდებელ საქართველოში, ეს ერთი. მეორე, შებრუნებული რეალობაა, თითქოს ეს არის შტურმი ოპოზიციური პარტიის ოფისზე და ეს არის მთავარი მოვლენა და არა ის, რომ ოფისში გამაგრებული არიან პარტიის წარმომადგენელები და ხელს უშლიან მართლმსაჯულების აღსრულებას. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების გამოხმაურებას, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ სურათი არ იქნებოდა სასიამოვნო დასანახი. კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომ ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება. ვნახეთ, რომ ზედმეტი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.