შალვა პაპუაშვილი - ომი როგორც კი დასრულდება, შეიცვლება კონტექსტი, რომელიც ამოსუნთქვის შესაძლებლობას მოგვცემს, მაგრამ ამ ომის პირობებში საქართველოს იარაღად გამოყენების სურვილი კვლავ არის
შალვა პაპუაშვილი - ომი როგორც კი დასრულდება, შეიცვლება კონტექსტი, რომელიც ამოსუნთქვის შესაძლებლობას მოგვცემს, მაგრამ ამ ომის პირობებში საქართველოს იარაღად გამოყენების სურვილი კვლავ არის

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც გეუბნებიან, რომ საქართველოს მოქალაქეები ოფიციალური რეისით გამოუშვი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და არცერთ სხვა ქვეყანას ეს არ მოუწოდეს, არის თუ არა ეს ესკალაციაში შეყვანა რუსეთთან? არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კონკრეტულმა ოფიციალურმა პირმა ომში ჩართვა მოსთხოვა.

პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი ომი ესკალაციით იწყება. მისივე განცხადებით, ესკალაციის მცდელობები იყო და „არსად წასულა“.

„მგონი, სათქმელი რაც იყო, საჯაროდ რისი თქმაც შეიძლება, ის ითქვა კიდევაც. ვისაც განსჯა შეუძლია, მიხვდება კიდეც, რაზე ან ვისზე იყო საუბარი პრემიერის განცხადებაში, მაგრამ ამის მიღმაც, რაც საჯაროდ უკვე ითქვა, ეს უკვე საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ ითრევდნენ საქართველოს ესკალაციაში რუსეთთან. აი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც გეუბნებიან, რომ საქართველოს მოქალაქეები ოფიციალური რეისით გამოუშვი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და არცერთ სხვა ქვეყანას ეს არ მოუწოდეს, არის თუ არა ეს ესკალაციაში შეყვანა რუსეთთან? არის. როდესაც გეუბნებიან, რომ დააწესე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, არის თუ არა ესკალაციაში შეყვანა? არის. როდესაც გეუბნებიან, ჩაკეტე საზღვარი, აქ მყოფი რუსი მოქალაქეები გაყარე რუსეთში უკან და რუსი ეროვნების ადამიანებზე ალქაჯებივით ნადირობა მიდის და ლოყების ხოკვა, რომ, აბა, რუსული საუბარი ისმის და ისინი არიან აქ ჩანერგილი დივერსანტები. გახსოვთ, კატის ნახატებს რომ ეძახდნენ ნიშნებს, რომლებსაც რაკეტები უნდა მოხვედროდა? სხვათა შორის, ის ხალხი დღეს პოლიტიკაშია და ლიდერები არიან. აი, ეს ყველაფერი იყო ესკალაციისკენ ბიძგება საქართველოსი, რომელიც ბოლოს, რა თქმა უნდა, არის ომი. აბა, ჩვენი ომები რანაირად იწყებოდა, სულ ასეთი ესკალაციებით იწყება ნებისმიერი ომი. ასე რომ, რა თქმა
უნდა, ეს მცდელობები იყო და, რა თქმა უნდა, ეს მცდელობები არსად არ წასულა, ვიდრე მთავარი საკითხი არ გადაწყვეტილა ევროპის შუაგულში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინაში ომი როგორც კი დასრულდება, შეიცვლება კონტექსტი, მაგრამ ამ ომის პირობებში საქართველოს იარაღად გამოყენების სურვილი კვლავ არის.

„იყო მოლოდინი იმისა, რომ იქნებ სწრაფად დასრულებულიყო ეს ომი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით იწელება, ეს მოლოდინი არ სრულდება. ამიტომაც არის, რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, რა თქმა უნდა, შეიცვლება კონტექსტი, რომელიც ჩვენ ამოსუნთქვის შესაძლებლობას მოგვცემს, მაგრამ ამ ომის პირობებში, რა თქმა უნდა, საქართველოს იარაღად გამოყენების სურვილი კვლავ არის. გაიხსენეთ საჯარო განცხადებები, აი, მორალისტები რომ არიან, ლატვიის პრეზიდენტი როგორ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებას, მოხალისეების გაგზავნას როგორ მოგვიწოდებდნენ, იარაღის გაგზავნას როგორ მოგვიწოდებდნენ. იარაღის აქეთ კიდევ შემოტანას რომ აპირებდა ზოგიერთი, ეგ სხვა საკითხია კიდევ. ასე რომ, ეს ყველაფერი სხვა, პრივატული საუბრების მიღმა რაც არის ცნობილი, ეს უკვე საკმარისი არის იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, თუ რა საფრთხის წინაშე ვიდექით და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.