შალვა პაპუაშვილი - ომი დასრულდება, უკრაინა გაიმარჯვებს და შემდეგ იქნება საკითხები, რომელზეც საჭიროა საუბარი, მათ შორის, საქართველოში სასჯელმისჯილი ადამიანების უკრაინაში შეფარებასა და მაღალ თანამდებობებზე დაწინაურებაზე
ომი დასრულდება, უკრაინა გაიმარჯვებს და შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება საკითხები, რომელზეც საჭირო იქნება საუბარი, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, ითხოვს თუ არა საქართველო უკრაინისგან ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი პირების გადმოცემას, მაგალითად, ზურაბ ადეიშვილისა, რომელიც, როგორც ახლახან გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, საერთაშორისო ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა.
„ახლა უკრაინა არის ომში და საქართველო მას გამარჯვებას უსურვებს, თუმცა ეს ომი დასრულდება, უკრაინა გაიმარჯვებს და შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება საკითხები, რომელზეც საჭირო იქნება საუბარი. მათ შორის, ზოგიერთ განცხადებებზე, რომელიც ახლა კეთდება და მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საქართველოში სასჯელმისჯილი ადამიანების შეფარება და არა მხოლოდ შეფარება, არამედ მაღალ თანამდებობებზე დაწინაურება.
ზურაბ ადეიშვილს ხუთ საქმეზე აქვს სასჯელი მისჯილი და რომ მოქმედებდეს ის წესი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, შეკრებითობა, მას ჯამში 19 წელი აქვს მისჯილი. მათ შორის, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის კობა დავითაშვილის გატაცება და თითქმის სიკვდილამდე ცემა; საქმეებზე, რომელიც შეეხება სხვადასხვა ქონების ჩამორთმევას, მათ შორის, ციხეში წამების ფაქტებს რაც შეეხება და ა.შ. აი, ამ საქმეებზე აქვს მისჯილი ჯამში 19 წელი და როდესაც შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ასეთი ადამიანი ასეთი სახის შეხვედრებზეა, რა თქმა უნდა, ეს ჩრდილს აყენებს თავად იმ ორგანიზაციებს, სადაც ის იმყოფება.
დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს იმ შეხვედრებზე შეიძლება, ასე არ იცნობდნენ და ზუსტად არც იციან, ვინ არის ეს ადამიანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ჩრდილს აყენებს ორგანიზაციას, რადგან ადამიანი, რომელმაც საკუთარ დანაშაულებზე თავად უნდა აგოს პასუხი, იქ გენერალური პროკურატურის თანამშრომლის სახით თითქოს, სხვისი გასამართლებით არის დაკავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ მიდის „ქართული ოცნებისგან“ კვლავ საუბრები იმაზე, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ ეს მეგობრობა ცალმხრივია, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკრაინელი ერის მიმართ სოლიდარულია და მათ სამართლიან ბრძოლაში მხარს უჭერს, ხოლო რაც შეეხება ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას, აქაც არ არის ისე, როგორც წარმოჩენა ხდება ხოლმე.
„უკრაინელი ხალხი ქართველებისთვის ძალიან ახლოს მყოფი ერია და რა თქმა უნდა, მათ მიმართ სოლიდარული ვართ. მეორე არის ის ბრძოლა, რომელშიც უკრაინა ახლა იმყოფება. რა თქმა უნდა, ეს არის სამართლიანი ბრძოლა და აქ სოლიდარობა თავისთავად არის ჩვენი მათ შორის, ადამიანური ვალდებულება, რომ სოლიდარული ვიყოთ სამართლიანად მებრძოლი ერის მიმართ. აქედან გამომდინარე, არის ჩვენი ყველანაირი სიმპათია უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას, აქაც არ არის ისე, როგორც ხდება ხოლმე წარმოჩენა. მე მქონდა შეხვედრა ვიცე-სპიკერთან და დელეგაციასთან და სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით, ყველაფერი ძალიან გასაგებად არის. ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის არ იყოს, უკვე სახეზე ვიცით რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, თუ მრჩევლის რანგში მყოფი ადამიანი, ვინც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს. სხვათა შორის, ჩვენი კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ, ვინ საუბრობს და წარმოადგენს თუ არა ის უკრაინის ოფიციალურ პოზიციას. როდესაც საუბარი გვაქვს ზოგიერთ ადამიანზე, ვინც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, არის მითითება, რომ ისინი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენენ უკრაინის ხელისუფლების პოზიციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.