შალვა პაპუაშვილი - ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა
შალვა პაპუაშვილი - ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა

უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორის ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს 2024 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის მხრივ არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომლებმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე.

„ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული. ამ გზაზე ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო არჩევნების ელექტრონული სისტემები, რომლებიც ამ მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული წლევანდელ არჩევნებზე; მეორე, საქართველოს გარშემო სულ უფრო ფართოვდება ცეცხლის, აგრესიისა და ძალადობის რკალი. უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე ჩვენი პარტნიორი დემოკრატიები არნახული წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. დემოკრატიული თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სტაბილურობის ოაზისის გადარჩენა და განვითარება. ამისთვის ყველა ჯანსაღი ძალა ქვეყნის შიგნით და გარეთ უნდა გაერთიანდეს. არ უნდა დავუშვათ საქართველოზე ომისა და ძალადობის გავრცელება და, იმავდროულად, უნდა განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია და კანონის უზენაესობა; მესამე, მიმდინარე წელი ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო ათ წელიწადში არნახულ პროგრესს მიაღწია ევროპისკენ სვლაში. აუცილებელია, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს და, მეტიც, დაჩქარდეს. როგორც აღვნიშნე, პარლამენტმა უპრეცედენტო მოცულობის სამუშაო შეასრულა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და სექტორული ინტეგრაციის გასაღრმავებლად. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ. რაც უფრო ნაკლები იქნება ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან, მით უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩვენი ძალისხმევა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, თუმცა უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

„საჭიროა, აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა. სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა.

დასასრულ, მინდა, მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს. სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი ერთიანი და  საერთო სამშობლოს – საქართველოს უპირველესი ინტერესი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.