შალვა პაპუაშვილი - ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია
შალვა პაპუაშვილი - ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ 1814 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ ნორვეგიის ახალი სახელმწიფო შექმნა, რომლისგანაც მაგალითს ბევრი ქვეყანა იღებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო და ნორვეგია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

შალვა პაპუაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„30 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივად გრძნობდა ნორვეგიის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. ნორვეგია გახლავთ სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი გულმხურვალე გულშემატკივარია და ამ მხრივ, მუდმივად ვგრძნობთ დახმარებას და ხელშეწყობას. ორმხრივ ურთიერთობებს გაძლიერების და გაღრმავების კიდევ დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით, ეს შეეხება განათლების, კულტურის, ტურიზმის მიმართულებებს. მოხარული ვარ, რომ ივნისში მექნება შესაძლებლობა, ოფიციალური ვიზიტით ვეწვიო ნორვეგიას და ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილოთ ამ ურთიერთობების გაღრმავების საკითხები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრად იგრძნოს თავი.

„ის, რომ საქართველო ისწრაფვის, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, გულისხმობს იმას, რომ გვსურს, ამ ოჯახში ისტორიული და კულტურული გამოცდილება შევიტანოთ. როდესაც მოვისმინეთ ნორვეგიისა და საქართველოს ჰიმნები, რომელიც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით იქნა შესრულებული, გვაჩვენებს, ერთი მხრივ, რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა. დღეს, როდესაც უკრაინაში რუსული აგრესია მიმდინარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრად ვიგრძნოთ თავი, ვინაიდან ეს არის მშვიდობის და განვითარების ნავსაყუდელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.