შალვა პაპუაშვილი - ნორვეგია ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი და საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია სამხედრო თავდაცვის განვითარების კუთხით, ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას
ნორვეგია ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი და საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია სამხედრო თავდაცვის განვითარებაში. ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე მასუდ გარახანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო დემოკრატიის კუთხით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ნორვეგიისგან ბევრი რამ ისწავლოს.
„ტრადიციები, რომლებიც ნორვეგიას აქვს – საპარლამენტო დემოკრატია, შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ და ჩვენ შეგვიძლია, ბევრი ვისწავლოთ თქვენი გამოცდილებიდან. როგორც ახლად არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, ისევე, როგორც თქვენ, ჩემო კოლეგავ, ამ გამოწვევების პერიოდში მეც გამოწვევის წინაშე ვარ, იმის გათვალისწინებით, რაც რეგიონში ხდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ამავდროულად, გადავხედოთ ნატო-სა და ევროკავშირის როლს, მიდგომებსა და პერსპექტივებს რეგიონში. ამ თვალსაზრისით, როგორც იცით, საქართველომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა და ქართველი ხალხი ელოდება ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ალიანსის ფარგლებში ნორვეგია საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია.
„რაც შეეხება ნატო-ს, ალიანსის ფარგლებში ნორვეგია ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია სამხედრო თავდაცვის განვითარებაში. ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, საქართველო, როგორც ქვეყანა, ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდშია, ძალიან აფასებს ნორვეგიის მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში.
რეგიონალურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, თქვენ აღნიშნეთ, რომ ორივე ვეწვიეთ უკრაინას და შევხვდით ჩვენს კოლეგას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარება, რომელიც ერთი მხრივ, შესაძლოა, არც ისეთი მარტივია პროგნოზირება, მეორე მხრივ, შესაძლოა, ყოფილიყო ნავარაუდევი, როდესაც გვაქვს 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და 2014 წელს აგრესია უკრაინაში. მაგრამ ახლა ალბათ არის დრო, როდესაც დასავლურ საზოგადოებას, დემოკრატიულ საზოგადოებას შეუძლია, გაუგზავნოს სოლიდარობის ნიშანი როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე საქართველოსა და მოლდოვას მათ მისწრაფებებში, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. გაუგზავნონ სწორი სიგნალი რუსეთს, რომ ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და მისწრაფებას – იყვნენ დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი, არ შეიძლება, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ნორვეგიელ ხალხს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.