შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია ხელმოცარული პოლიტიკოსია, თავი დააჭერინა მართლმსაჯულების სისტემას, ესეც არ გამოუვიდა და უკან დახევა მოუწია
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია ხელმოცარული პოლიტიკოსია, თავი დააჭერინა მართლმსაჯულების სისტემას, ესეც არ გამოუვიდა და უკან დახევა მოუწია

დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფი ორ პარტიად, რომელიც ამ ქვეყანაში აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს დესტაბილიზაცია, არეულობა. ისიც დადასტურდა, რომ ეს არეულობა ერთადერთ ქვეყანას – რუსეთს აწყობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ პარლამენტში არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაწყებულია რეფორმები, რომელიც უნდა შესრულდეს.

„ნიკა მელიას პოზიცია არარელევანტურია, ის არის ხელმოცარული პოლიტიკოსი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, ცდილობდა საკუთარ ქვეყანაში მოეწყო არეულობა და ეს არ გამოუვიდა. იქამდეც კი წავიდა, რომ თავი დააჭერინა მართლმსაჯულების სისტემას, ესეც არ გამოუვიდა და უკან დახევა მოუწია. მისი პოზიცია არარელევანტურია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამრევი პარტიები არიან. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, რომ ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი, გარწმუნებთ, რომ თუ ევროკავშირს სურდა, ეღიარებინა ნიკა მელია პოლიტპატიმრად, ისინი არავის მოერიდებოდნენ და იტყოდნენ. ევროკავშირის მოსახლეობა არის 500 მილიონი, საქართველოსი 3,5 მილიონი და ევროკავშირს რაიმე მორიდება არ ექნებოდა საქართველოს მიმართ, რომ ეთქვა, ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი. ევროკავშირმა გირაო რომ გადაიხადა, იმას ადასტურებს, რომ პროკურატურის პოზიცია იყო სამართალზე დაფუძნებული, სწორი და ის, რომ ნიკა მელია ჯიუტად უარს ამბობდა გირაოს გადახდაზე და გამოწვევას უგზავნიდა მართლმსაჯულებას, ეს რომ იყო დესტრუქცია, სწორედ ამის დასრულება სურდა ევროკავშირს და გირაო გადაიხადა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.