ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდირება, სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მერკანტილური ინტერესი უსაფრთხოების რისკების ფასად დაიკმაყოფილოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ქვეყანაში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ ხელისუფლების დისკრედიტებით ქვეყნის დისკრედიტებას ახდენს.
„ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ცხელი ომი და ჩვენ რასაც ვხედავთ, სამწუხაროდ, საქართველოში მიდის ჰიბრიდული ომი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ ოპოზიციის ჩართულობას, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტება და სამწუხაროდ, ისინი იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების დისკრედიტებით ახდენენ ქვეყნის დისკრედიტებასაც. სამწუხარო ომია, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას გამოუცხადეს. ვხედავთ ჩვენ ამას, მათ შორის, როგორ ხდება წარმოჩენა საერთაშორისო პლატფორმებზე სხვადასხვა მოცემულობების იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების დისკრედიტება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაზეც.
„რაც შეეხება ე.წ. სანქციებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ. სხვათა შორის, ამაზე როდესაც ვსაუბრობთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან და თქვენ ხედავთ თქვენ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის გუშინ ჩვენ ვნახეთ მიუხედავად პროვოკაციული კითხვებისა სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია პოლიტიკურ მხარდაჭერასთან, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით. სამწუხარო სურათებია, რასაც ვუყურებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის ჰიბრიდული ომი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც ჩვენ ვნახეთ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამ კუთხით უფრო პატრიოტი აღმოჩნდა საქართველოსი, ვიდრე ჩვენი ოპოზიციის მედია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხარო ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილი ვერ გადაეწყო შიდა პოლიტიკური მიზნებიდან და საერთო ეროვნულ მიზნებს თვალი ვერ გაუსწორა.
„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რასაც ვხედავდით, იგივე მეთოდით, მიზნებითა და ინსტრუმენტებით, ახლა, ასეთ მაღალრისკიან უსაფრთხოების მდგომარეობაში ზუსტად იგივეს აკეთებენ, ხომ არაფერი შეცვლილა. როგორც აქამდე იყო დისკრედიტაციის მთელი კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლაც იგივე კამპანია მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ვერ იაზრებენ, რომ ამ მდგომარეობაში, როდესაც უკრაინაში ომია და რუსეთის აგრესია, მათ შორის დაკავშირებულია საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან, ამ დროსაც კი იგივე მეთოდებით, ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის მიერ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“.
პაპუაშვილის თქმით, „ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს დეზინფორმაციითა და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ხელისუფლების დისკრედიტაციას“.
„სამწუხაროა, რომ ადამიანები სწორედ ამ პროპაგანდაში არიან ჩართული, ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები. სამწუხაროდ, დიდი ხანია, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს ვნახეთ არჩევნების შემდეგ პერიოდში, მაგრამ ახლა, როდესაც ასეთი უსაფრთხოების რისკების წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო და არის პირდაპირი ომი უკრაინაში, ამ კონტექსტში ასეთი დისკრედიტაციის კამპანიის აგება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი როდესაც დასრულდება, ვფიქრობ, საკმაოდ რთული იქნება, რომ ამ ადამიანებმა თავი იმართლონ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, როდესაც ასეთ მძიმე პერიოდში საკუთარ ქვეყანას და ხელისუფლებას ვნებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ნაწილი დაცილებულია როგორც ხალხის, ისე ქვეყნის ინტერესებს.
„სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში ხდება კონსოლიდირება ყველა პოლიტიკური ძალის, საქართველო გახლავთ ის უნიკალური გამონაკლისი, სადაც ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია იმით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ვიწრო, მერკანტილური პარტიული ინტერესები ამ უსაფრთხოების რისკების ფასად დაიკმაყოფილოს. სწორედ ეს არის მაგალითი, რამდენად დაბალპატრიოტული არის მათი განწყობები და რამდენად დაცილებული არიან ისინი როგორც ხალხის, ისე ქვეყნის ინტერესებს. სინამდვილეში მათ რაიმე კავშირები კი არ აინტერესებთ, უკრაინა და საქართველო კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ ერთადერთი რამ – ძალაუფლება. რომ არა ეს, ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ იმ ფორუმებში, რომლის დელეგაციის წევრებიც არიან. არც კი ჩავიდნენ ევროკავშირის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში და მხარი არ დაუჭირეს განცხადებებს. სინამდვილეში ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ საპარლამენტო საქმიანობაში, როცა საუბრობენ ევროკავშირზე, რა მონაწილეობას იღებენ ამ კუთხით. მათ არ აინტერესებთ არც საქართველო, არც უკრაინა, არც ვინმეს ინტერესი, არც ხალხი, მათ აინტერესებთ აბსოლუტური ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც ჰქონდათ. ეს არის მხოლოდ ნაწილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, არც ხალხის და არც ქვეყნის ინტერესში არ არის პროპაგანდის და დეზინფორმაციის აყოლა. პაპუაშვილის განცხადებით, პროპაგანდა და დეზინფორმაცია ამ მდგომარეობაში არის სწორედ იარაღი მტრის ხელში.
„ყველა ვინც ამაშია ჩართული, ნებსით თუ უნებლიედ ყველა არის მტრის ინსტრუმენტი. ზოგადად, მომატებული უსაფრთხოების რისკები რომ არის ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციის ნაწილი იმით კი არ უნდა იყოს დაკავებული, როგორ აჯანჯღაროს ეს ქვეყანა, არამედ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ყველა კონსოლიდირდეს ხელისუფლების გარშემო, მათ შორის მთავრობის გარშემო, რათა სიმშვიდე იყოს შენარჩუნებული ერთი მხრივ და ყველა ინტერესი, მათ შორის ქვეყნის ინტერესია უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება, აქაც რაიმე განხეთქილება ამ საკითხზე არ იყოს, რასაც სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, უკრაინის მიმართ სოლიდარობის საკითხშიც კი ეძიოს განხეთქილება პოლიტიკურ ძალებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.