შალვა პაპუაშვილი - ნატო-ს წევრობაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი სჭირდება, მთავარია, რომ ჩვენი მისწრაფება არის ნათელი
შალვა პაპუაშვილი - ნატო-ს წევრობაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი სჭირდება, მთავარია, რომ ჩვენი მისწრაფება არის ნათელი

ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, საქართველოს ნატო-ს წევრობის მისწრაფებებზე, კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-თან დაახლოების მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსაც.

„ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი. ხვალ მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. დღეს შეხვედრა იყო ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე; ასევე, საქართველოს მისწრაფებებზე წევრობაზე. კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-თან დაახლოების მხრივ. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს ამ რთულ პერიოდში. მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, რომ, გამოწვებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოს უსაფრთხოება და ამავე დროს სოლიდარული იყოს უკრაინის მიმართ. მათ შორის, სანქციების გვერდის ავლის თავიდან არიდების საკითხებზე გვქონდა საუბარი და სრული მხარდაჭერაა პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს გამორჩეული პარტნიორია და რაც შეეხება წევრობას, გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი სჭირდება.

„საქართველო ნატო-ს გამორჩეული პარტნიორია. სხვადასხვა ფორმატით ხორციელდება თანამშრომლობა და დახმარება, რაც ასე გაგრძელდება. რაც შეეხება წევრობას, გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი სჭირდება. მთავარია, რომ ჩვენი მისწრაფება არის ნათელი და ამას სჭირდება პასუხი ნატო-ს მხრიდან, რომ მოხდეს უფრო მეტი ინტეგრაცია. ჩვენი კონტრიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ნათელია. წლების განმავლობაში საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი კონტინგენტის მონაწილეობით. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოში, ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს არის ასევე უსაფრთხოების გარანტია ნატო-სა და ევროკავშირისთვის, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი გზები თუ მილსადენები გადის, რაც იმას უზრუნველყოს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ესა თუ ის საქონელი თუ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტირება. ამიტომ საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება ნიშნავს ევროკავშირისთვის უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.