შალვა პაპუაშვილი - გარკვეული ეიფორიული ტალღა, რომელიც შეიძლება, გახარიას პარტიას თავდაპირველად ჰქონდა, გადაივლის და დარჩება ბრჭყვიალა ქაღალდი, იასამნისფერი და ცისფერი ფერის ნაზავი
შალვა პაპუაშვილი - გარკვეული ეიფორიული ტალღა, რომელიც შეიძლება, გახარიას პარტიას თავდაპირველად ჰქონდა, გადაივლის და დარჩება ბრჭყვიალა ქაღალდი, იასამნისფერი და ცისფერი ფერის ნაზავი

ნათლად ჩანს ის ფუნქცია, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა, რომ დაეზიანებინა „ქართული ოცნება“. ეს პრაქტიკულად ვერ ხორციელდება, რადგან ჩვენი ანალიზით, სამი-ოთხი პროცენტი არის იმ პროცენტებიდან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დროებით დააკლდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ამომრჩეველს უკან დავიბრუნებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, აღარ არსებობს ის შეთანხმება, რომლის გამოც, საერთო ჯამში, ეს პარტია შეიქმნა.

„რამე შინაარსობრივი მოვისმინეთ ამ პარტიისგან? არაფერი. კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის გარკვეული ბრჭყვიალა ქაღალდი, რომლის შიგნითაც შიგთავსი ნაკლებადაა, ძირითადად არის ზედაპირული საუბარი, მათ შორის შეურაცხმყოფელი ნათქვამების გამოყენება ყოფილი კოლეგების მიმართ, რაც ნამდვილად არ მატებს ღირსებას ამ პარტიას. რაც მთავარია, გაურბიან ყველანაირ შინაარსზე საუბარს, არანაირი დატვირთვა შინაარსზე მათ არ აქვთ. რაიმე საჭიროებებზე საუბარი გაგიგიათ ამ პარტიისგან, გარდა იმისა, რომ არის საუბარი, როგორ დააზიანოს „ქართული ოცნება“. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული ეიფორიული ტალღა, რომელიც შეიძლება, ჰქონდა თავდაპირველად ამ პარტიას, გადაივლის და საბოლოო ჯამში დარჩება ის ბრჭყვიალა ქაღალდი, იასამნისფერი და ცისფერი ფერის ნაზავი, რომელიც ჩვენ პიარულად დავინახეთ. საბოლოო ჯამში, დარწმუნდებიან, მათ შორის ის ამომრჩევლები, რომლებიც დროებით მას მხარს უჭერენ, რომ ამ ზედაპირის გარდა მას შინაარსი არ გააჩნია. დასტურდება, რომ ამ პარტიის ერთადერთი მიზანი იყო „ქართული ოცნების“ დაზიანება და მისი რეიტინგის ჩამოწევა 43 პროცენტის ქვემოთ გამომდინარე შეთანხმებიდან, დღეს არც შეთანხმება არსებობს, ვერც ეს დაზიანება ვერ მიაყენეს „ქართულ ოცნებას“ და ვფიქრობ, ამას გააცნობიერებენ ის ამომრჩევლები, რომლებიც დროებით შეიძლება მას უჭერენ მხარს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.