შალვა პაპუაშვილი - „ნაცმოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ იმ მიზნით სჭირდება, რომ მიღებიდან მეორე დღეს რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს
შალვა პაპუაშვილი - „ნაცმოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ იმ მიზნით სჭირდება, რომ მიღებიდან მეორე დღეს რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ერთი მიზნით სჭირდება, რომ პროექტის მიღებიდან მეორე დღეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს.

როგორც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა განუცხადა, ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაივიწყოს, რადგან მათ პასუხი ქართველმა ხალხმა იმით გასცა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 47 პროცენტი მიანიჭა.

„რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა პოლარიზაციას ზრდის. ამიტომ, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან დეპოლარიზაცია და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თავსებადი არ არის. შერიგება საქართველოს კონსტიტუციასთან უნდა მოხდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს ხალხთან და სახელმწიფოსთან, ასევე იმასთან, რომ არ უნდა, ხალხის არჩევანი და სასამართლოს გადაწყვეტილება აღიაროს. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის არჩევანს, კანონსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას აღიარებს, პოლარიზაცია იქვე დასრულდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მის მიღებას 113 ხმა სჭირდება. ჩვენ ამ ცვლილებებს ოპოზიციის გარეშე ვერ მივიღებთ, ისევე, როგორც ისინი ჩვენ გარეშე. მნიშვნელოვანია თანხმობა, რისი წინაპირობაც არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებს უნდა დაესწროს. სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.