შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს არის პოლიტიკის პაროდია
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს არის პოლიტიკის პაროდია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მცდელობა, დღის წესრიგში აქტუალური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ამაზე უკვე მგონი იუმორის გარეშეც რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება, ეს პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადრე თუ გვიან მათ მოუწევდათ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თუმცა არავინ იფიქრებდა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე მოუწევდათ ხელის მოწერა. აქამდე მიიყვანეს საკუთარი თავი, საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ რაღაცნაირად დღის წესრიგში აქტუალური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

სხვათა შორის გვქონდა გუშინ საუბარი ამაზე, რომ ისინი საარჩევნო კამპანიასაც კი არ ეწევიან, არაფერი არ აქვთ სათქმელი მოსახლეობისთვის, არაფერი არ აქვთ შესათავაზებელი რეგიონის თუ დედაქალაქის მოსახლეობისთვის, რა შეიძლება, მათთვის გააკეთონ. ერთადერთი, რასაც ისინი სთავაზობენ, არის არეულობა და სწორედ ასეთი თემების აწევით ცდილობენ, რაღაცნაირად უფრო მეტი შფოთი, მღელვარება და საკითხები შემოიტანონ, რომელიც დღეს უკვე არარელევანტურია. მგონი, პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა, რომ გაუქმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.