შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას, მათთვის მთავარი ინტერესი არის არა ევროპა, წინსვლა, არამედ ძალაუფლების დაბრუნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დღესაც თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას.
მისივე თქმით, ეს აჩვენებს, რომ მათთვის მთავარი ინტერესია არა ევროპა, წინსვლა, არამედ ძალაუფლების დაბრუნება.
„დღეს მიმდინარეობს შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, იმ მცირე სამუშაო ჯგუფის, რომელზეც პირველადი საკითხები განვიხილეთ. შემდეგ, რა თქმა უნდა უფრო ფართო ჩართულობა იქნება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლობის. დღესაც, კიდევ ერთხელ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან არსებულმა ორმა პარტიამ, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ასევე თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას. გუშინ თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საჩქაროდ არის საკითხები განსახილველი, დღეს ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობასაც კი არ იღებენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი ინტერესი არის არა ევროპა, არა საქართველო, არა წინსვლა, არამედ ერთადერთი მთავარი მიზანი არის ძალაუფლების დაბრუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.