შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კამპანია პოპულისტურია და ამავე მოედანზე დამარცხდებიან, მათ არაფერი აქვთ სათქმელი არც ფასებზე, არც ხელფასებზე, არც სიღარიბის დონეზე
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კამპანია პოპულისტურია და ამავე მოედანზე დამარცხდებიან, მათ არაფერი აქვთ სათქმელი არც ფასებზე, არც ხელფასებზე, არც სიღარიბის დონეზე

ფასებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კამპანია პოპულისტურია და ამავე მოედანზე დამარცხდებიან, მათ არაფერი აქვთ სათქმელი არც ფასებზე, არც ხელფასებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის აზრით, ამ ყველაფრის უკან „ნაციონალურ მოძრაობის“ პიარტექნოლოგები დგანან.

„მკვეთრად ჩანს, რომ ისეთი მეთოდების შემოტანას ცდილობენ, რომლებიც მათთვისაც არაბუნებრივია. ვნახეთ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რაღაც დაბეჭდილი ფურცლებით, რიცხვებით როგორ ატარებენ ბრიფინგებს. ამის უკან ჩანს, მათ შორის, რაღაც ამერიკული გემოვნება და ეს ყველაფერი ხელოვნურია. ჩვეულებრივი პიარული კამპანია ჩანს. ამას ადამიანებზე ფიქრის გამო კი არ აკეთებენ, არამედ იმიტომ, რომ პიარტექნოლოგმა ურჩია, ამ მეთოდით მეტად დააბნევთ საზოგადოებას და მათ ემოციებზე იმოქმედებთო. შინაარსს თუ შევხედავთ, არც შინაარსში შესვლას ვურჩევდი ოპოზიციას. ფასებს ადარებენ ვითომ სამეზობლოს. შეადარონ, მათ დროს როგორი იყო ხელფასები, სიღარიბის დონე და ყველაფერზე მიიღებენ პასუხს.

ეს არის აბსოლუტური ცრუ, ტყუილი კამპანია, პოპულისტური, თუმცა ამავე მოედანზე დამარცხდებიან. მათ არაფერი აქვთ სათქმელი არც ფასებზე, არც ხელფასებზე, სოციალურ დახმარებაზე, სამედიცინო სერვისებზე, უმუშევრობის დონეზე და არც სიღარიბეზე. მათ დროს იყო კატასტროფა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო კატასტროფა. საქართველო ეკონომიკური განვითარებით რეგიონში იყო მაჩანჩალა. ყველაზე ბოლო იყო ეკონომიკური განვითარებით. მაშინ ჩვენ რომ გვაჩვენებდნენ „პოტიომკინის“ სოფლებით, თითქოს ჩვენთან იყო აღმშენებლობა, ყველაზე ბოლო და მაჩანჩალა ვიყავით სამეზობლოში, გაღატაკებული ქვეყანა ვიყავით. ამ მინდორზე მარტივად მარცხდებიან. ასე რომ, ამ თემის პედალირებას არ ვურჩევ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.