შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში იყო, წარმოეჩინა, თითქოს კოალიციის მომხრე იყო, სინამდვილეში, სააკაშვილის გარშემო ტრიალებს ყველაფერი
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში იყო, წარმოეჩინა, თითქოს კოალიციის მომხრე იყო, სინამდვილეში, სააკაშვილის გარშემო ტრიალებს ყველაფერი

ყველა ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში იყო, როცა ცდილობდა, გარკვეული საცეცები შეექმნა და საზოგადოებისთვის ისე წარმოეჩინა, თითქოს, რაღაც მრავალპარტიულობისა და კოალიციის მომხრე იყო, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო ტრიალებს ყველაფერი და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანას, მუნიციპალიტეტს, ეკონომიკას, კოვიდპანდემიას.

„ლელოს“ და სხვა ადამიანების მხრიდან გვესმოდა, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბებას ცდილობდნენ, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში იყო, როცა ის ცდილობდა, გარკვეული საცეცები შეექმნა და საზოგადოებისთვის ისე წარმოეჩინა, თითქოს, რაღაც მრავალპარტიულობისა და კოალიციის მომხრე იყო. სინამდვილეში, ყველა ასეთი წამოწყება თავის ნამდვილ სახეს აჩენს ხოლმე, რასაც ვხედავთ დღეს. დღეს იქნება აქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ეხება. ეს არის მთელი არსი ამ მოძრაობის. სააკაშვილის გარშემო ტრიალებს ყველაფერი. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანას, მუნიციპალიტეტს, ეკონომიკას, კოვიდპანდემიას. კონსილიუმის არც ერთ დასკვნაში არ არის რეკომენდაცია, რომ კერძო კლინიკაში მოხდეს მისი გადაყვანა. პირიქით, დასკვნა ამბობს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა არის საკმარისი, ამიტომ, თემა რატომ არ გადაჰყავთ, არის მოგონილი და ტყუილი. არსად არ არის ნათქვამი, რომ 39 დღის მანძილზე მას სჭირდებოდა გადაყვანა რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის სპეკულაცია და მიმართული, რომ საკუთარი მომხრეები ემოციურად დამუხტონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.