შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არასერიოზულია, აგონიაში არიან და ახლა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არასერიოზულია, აგონიაში არიან და ახლა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ორი გზა – ან აღიარონ დამარცხება და შემოვიდნენ პარლამენტში, მათ შორის თუ უნდათ, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმის პროცესში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული პროცესის და რეფორმების ნაწილი გახდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არასერიოზულია. ააყირავეს მოლაპარაკებათა მაგიდა, არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას და პატივი არ სცეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, როცა ჩამოსული იყო და მასთან შეხვედრაზე არც კი მოვიდნენ. დღეს მათ პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, მათ თავი დაიმკვიდრეს, როგორც რადიკალურმა პარტიამ, რომლის დღის წესრიგიც მხოლოდ რადიკალურია და მღელვარებაზეა აწყობილი. მათ აქვთ ორი გზა – ან აღიარონ დამარცხება და შემოვიდნენ პარლამენტში, მათ შორის თუ უნდათ, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმის პროცესში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ. 19 აპრილის შეთანხმება მაგიდაზე დევს და ევროკავშირის ოფისის მისამართი ყველამ იცის. პირველ რიგში, იქ უნდა მივიდნენ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რის შემდეგაც გახდებიან იმ დემოკრატიული პროცესის და რეფორმების ნაწილი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. აგონიაში არიან და ახლა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.