შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მიზანია, გაზაფხულზე დაიწყონ მღელვარების ორგანიზება, მაგრამ დღეს თოვლი მოვიდა და გაზაფხული, როგორც ჩანს, ჯერ არ დგება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მიზანია, გაზაფხულზე დაიწყონ მღელვარების ორგანიზება, მაგრამ დღეს თოვლი მოვიდა და გაზაფხული, როგორც ჩანს, ჯერ არ დგება

ეს არ არის პოლიტიკური დევნა, ეს არის მათი მხრიდან პოლიტიკური მიმალვა. არავინ დედამიწის ზურგზე არ უარყოფს, რომ ნიკა მელია არღვევდა და ახლაც არღვევს კანონს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა კანონი ირღვევა ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია.

„აქაც რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ნიკა მელია არღვევს კანონს და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამას მივცეთ რეაქცია, რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონდარღვევა, ეს იყო მართლმსაჯულების და სამართლებრივი სისტემის გამოწვევა. სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ გუშინ მივეცით თანხმობა პროკურატურას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პროკურატურის შუამდგომლობა იყო დასაბუთებული. ვნახოთ, ამას სასამართლო გაიზიარებს თუ არა. ის, რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ეს არათუ მცდელობაა, არამედ ასრულება იმ გეგმის, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და თავადაც ღიად საუბრობენ, რომ მათი მიზანია გაზაფხულზე დაიწყონ მღელვარების ორგანიზება. მართალია, დღეს თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ როგორც ჩანს, არ დგება, მაგრამ ვატყობთ, რომ ეს მცდელობები არის და ყველა ეს მცდელობა არის ფუჭი ორი მიზეზის გამო. პირველი-ეს ყველაფერი არის კანონის საწინააღმდეგო და ჩვენ ასეთ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს არ დავუშვებთ, მეორე-მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ მოქალაქეებში, ეს ჩანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მათი მხარდაჭერა არის ნული. შესაბამისად, მათ აქ რაიმე პერსპექტივა არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა. პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავდა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.