შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით ოპოზიცია ცდილობს, თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს, ზიზღის კამპანიის ფლაგმანში არის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით ოპოზიცია ცდილობს, თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს, ზიზღის კამპანიის ფლაგმანში არის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

ფაშიზმის თანამედროვე სახეა, რაც ხდება, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი არის ზიზღის კამპანიის ფლაგმანში, მისი მოწოდება პირდაპირი სეგრეგაციისკენ, რომ ადამიანები გაირიყონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყალბმა პროპაგანდამ, სამწუხაროდ, ემოციურად იმუშავა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით არის მცდელობა, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ.

„რადიკალურმა ჯგუფმა ყალბი პროპაგანდისტული ნარატივი ჩამოაყალიბა ამ პროცესის მიმართ, ვგულისხმობ დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. ამ ყალბმა პროპაგანდამ, სამწუხაროდ, დიდად და ემოციურად იმუშავა. ვნახეთ, როგორ დაიბრენდა ჯერ დაუწერელი პროექტი პირდაპირ რუსულ კანონად, შემდეგ მოსკოვიდან ინსპირირებულად, როგორ მოიხსენიებენ პრორუსებად, პირდაპირ ზიზღის კამპანიაა, რომელიც მიმდინარეობს ბოლო პერიოდში. ვთქვით კიდეც, რომ ფაშიზმის თანამედროვე სახეა, რაც ხდება, ჩვეულებრივი სეგრეგაციაა, როდესაც ვხედავთ სხვადასხვა ადამიანის მხრიდან, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი არის ამ ზიზღის კამპანიის ფლაგმანში, მისი მოწოდება პირდაპირი სეგრეგაციისკენ, რომ ადამიანები გაირიყონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან. ეს არის ჩვეულებრივი სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი. ამისი გაღვივება ხდება ამ ჯგუფების მხრიდან. იყო პირდაპირი, ვერბალური თუ სხვა სახის, სოციალური მედიის სახით ზეწოლა და ძალადობა მათი ოჯახის წევრებზე, თავად პოლიტიკოსებზე, არასრულწლოვან შვილებზე.

იცით ფაქტები, რომ არასრულწლოვან შვილებზეც იყო ასეთი მორალური ზეწოლა, მათ შორის ეს იკადრა ერთ-ერთმა პედაგოგმა. ასე რომ, ჩვენ ვნახეთ მთლიანი კასკადი ერთკვირიანი გესლისა, რომელიც მოედინებოდა ამ ჯგუფების მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ გაწაფულია, რომ ეს გესლი ანთხიოს, რათა პოლიტიკური დისკუსია იყოს სავსე შხამით, სიძულვილით და სხვა არაფერი უკეთებიათ. ადამიანებს ემოციურად ანადგურებდნენ, იყო მცდელობა ადამიანების ემოციურად განადგურებისა და, რა თქმა უნდა, ამ გარემოში, იმ დღეებში ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება და სიმყარე ამ გადაწყვეტილებაში. ამიტომ ამ მხრივ გასაგებია, რომ რთული გადაწყვეტილება იყო მისაღები. შეუძლებელია, აღიწეროს კიდეც ის სიმწვავე ან წნეხი, რომელიც მაშინ ასე კოორდინირებულად ვრცელდებოდა. ვნახეთ, რომ ეს იყო, ერთი მხრივ, კოორდინირებული, პროპაგანდისტული კამპანია თავად ტერმინის გამოგონებით – რუსული კანონი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და ქართველ ხალხს დააჯერეს ტყუილი, ამ ტყუილთან დაკავშირებით აღაშფოთეს ქართველი ხალხი; მეორე – აგრესიული ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულად ამსხვრევდნენ პარლამენტის ფანჯრებს და ასე შემდეგ, ნახეთ, რა მდგომარეობა იყო, მოლოტოვის კოქტეილი პირველად იხილა ქართველმა ხალხმა აქციაზე. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო აქციაზე, არავის უკადრია წარსულში, რომ მოლოტოვის კოქტეილები ესროლა პოლიციისთვის და ჩვენ ვნახეთ ცეცხლწაკიდებული პოლიციელები, ახლა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, ზუსტად ის ჯგუფი ესროდა მათ მოლოტოვის კოქტეილებს. მე ვერ ვნახე ვერცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გაემიჯნა ამ ძალადობას. ის მაინც თქვან, რომ ის ნაწილი იყო ძალადობრივი, ნაწილი მაინც დაგმონ. ნაცვლად ამისა, ხდება პირდაპირ რომანტიზება ამ ფაქტის, დაუმორჩილებლობის, აგრესიის, მოლოტოვის კოქტეილის სროლის და ა.შ., რაც მომავლისთვისაც ძალიან საშიშია. ვნახეთ ასევე 1 000-ლარიანი ახალგაზრდები, ხდება შეშვება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში, ვნახეთ ბოლო ფაქტი ირაკლი კობახიძის ლექციაზე, იყო ჩაშლის მცდელობა – ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის და საერთოდ თსუ-ს სტუდენტი არასდროს ყოფილა, სადაც იყო სტუდენტი, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1 000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ,„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით არის მცდელობა, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სწორედ ეს სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილს დათო ტურაშვილთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. პაპუაშვილი დათო ტურაშვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ „ეს არის შედეგი ზიზღის კამპანიისა“.

„სამწუხაროდ, სოციალურ მედიას თავისი უარყოფითი მხარე აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი კითხვის პასუხად ამბობს, რომ ეს კამპანია ხელისუფლების წახალისებული არ არის.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს, რთულია, არ დაინახო ის ფარისევლობა, რაც იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში, თუ გვერდზე სტუდიაში თვეების განმავლობაში ხდება, ეს გესლი სწორედ ასეთი მედიიდან მოედინება. გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, გაიხსენეთ ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი. შემთხვევით იმავე სტუდიებიდან ხომ არ მიდიოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა? რომ აღშფოთდებიან ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც ამ გესლს საზოგადოებას აწვეთებენ და ცდილობენ, შხამი შემოიტანონ ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, აი, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა. ადამიანები, რომლებიც სხვებს მორალურად ანადგურებენ, შემდეგ წუხან სხვა ადამიანებზე. სხვათა შორის, გახსოვთ ჩვენი ინიციატივა, რაც იყო დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღემდე ვერ ავიყოლიე ოპოზიცია ამაში და ვერც არასამთავრობო სექტორი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.