შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავმჯდომარის წასვლა მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავმჯდომარის წასვლა მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის

ფაქტი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიიდან წავიდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამის ნიშნები ხომ გვქონდა?! სხვა პარტიების წარმომადგენლები ხომ ამბობდნენ, ამასთან დაკავშირებით რაღაც სიგნალები ხომ იყო და მოდით, საზოგადოება დავფიქრდეთ, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც დაფიქრდნენ, რა ხდება მათ პარტიაში და უფრო სახელმწიფოებრივად იფიქრონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა ალტერნატიული შეთავაზება აქვს მმართველ გუნდს ოპონენტებისთვის, რადგან ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის შეთავაზებას არ თანხმდება, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სთავაზობს, არის სიმართლის დადგენა. 

„თუ ჯერ არ არიან გარკვეული, ისინი სიმართლეში უნდა გაერკვნენ და ამ სიმართლეში გარკვევა შეიძლება სწორედ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, გადათვლით, ან სხვა მექანიზმით. თანხმობისთვის ერთადერთი საშუალება არის სიმართლეზე შეთანხმება და არა გაჯიუტება, რომ ვიღაცას რაღაც უნდა, ან არ უნდა. ჩვენ ამ კატეგორიებში არ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ასე გვინდა, ან არ გვინდა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შევთანხმდეთ იმაზე, რა არის სიმართლე, სიმართლის დადგენა კი ყოველთვის შეიძლება. საკითხის ასე დაყენება არ შეიძლება, თითქოს მორჩა, ყველაფერმა ჩაიარა და სიმართლეს ვერასდროს ვეღარ დავადგენთ. ასეთი კაპიტულანტური მიდგომა საკვირველია. სიმართლე – აი, ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ შევთანხმდეთ. ფასილიტატორები ამიტომ არიან, რომ მათი თანდასწრებით მოხდეს ამ სიმართლეზე შეთანხმება და თუ ამ სიმართლეზე შევთანხმდებით, შემდეგ სხვა საკითხებზე შეთანხმებაც საკმაოდ ადვილი იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში მმართველი პარტიის განცხადება, რომ პარლამენტში მარტო არ იქნება, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპონენტთა ნაწილის პატრიოტიზმის და სახელმწიფოებრივი აზროვნების იმედი აქვს.

„თუ ამ იმედს გაგვიწბილებენ, სამწუხარო იქნება და აღმოჩნდება, რომ თურმე, ნაკლებად პატრიოტები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.