შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს, სასამართლოში გავლენების მოპოვება სურს, რისთვისაც რაღაც ხერხებს ეძებენ
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს, სასამართლოში გავლენების მოპოვება სურს, რისთვისაც რაღაც ხერხებს ეძებენ

„ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს, სასამართლოში გავლენების მოპოვება სურს. ამიტომ უნდათ, რომ გაათავისუფლონ მოსამართლეები, დანიშნონ მათთვის სასურველი მოსამართლეები, რისთვისაც რაღაც ხერხებს ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

„გუშინდელ შეხვედრაზე კანონპროექტის საკითხების სახით რა წინადადებებიც გვქონდა წარდგენილი, ყველა წინადადება გაიზიარა როგორც ოპოზიციამ, ისე არასამთავრობო სექტორმა. ამიტომ ამ წინადადებებზე შევთანხმდით. ერთადერთი საკითხი, რომელიც დააყენა ოპოზიციამ, ეს გახლავთ მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა კიდეც 2004 წელს, როცა გაყარა მოსამართლეები და თვითონ დაიწყო დაკომპლექტება. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, გამოცდილებაა და, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში გავლენების მოპოვება სურთ. ამიტომ უნდათ, რომ გაათავისუფლონ მოსამართლეები, დანიშნონ მათთვის სასურველი მოსამართლეები, რისთვისაც რაღაც ხერხებს ეძებენ. რატომ უნდათ თავისი მოსამართლეები? რადგან დანაშაულებისთვის არ აგონ პასუხი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სუვერენიტეტსაც კი, მათი წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი. ეს არის შედეგი სწორედ იმ ირიბი თუ პირდაპირი უცხოური დაფინანსებისა – ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავში იხარშება ასეთი იდეები, რომ საქართველოში ერთი ხელისუფლების შტო, სასამართლო დააკომპლექტონ უცხო ქვეყნებმა. აქამდე მივიდა ოპოზიცია და ამით აპირებენ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, ჩასვლას ხალხთან და იმის თქმას, რომ ისინი არიან არა ხალხის წარმომადგენლები, არამედ მთელ ძალაუფლებას, სუვერენიტეტს გადასცემენ უცხო ქვეყნებს თუ უცხო ორგანიზაციებს. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტის საწინააღმდეგო იდეა. მიუხედავად ამისა, შევყევით დისკუსიაში, რატომ ფიქრობენ, რომ ეს საერთოდ საჭიროა, თუმცა ვერაფერი თქვეს.

ვეკითხებით, რატომ არ არის ნდობა სასამართლოს მიმართ, გვითხარით სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენთვის პრობლემურია. ვერაფერს ამბობენ, რადგან წლების განმავლობაში რასაც აცხადებდნენ და რომელი გადაწყვეტილებითაც ძირს უთხრიდნენ ქართულ მართლმსაჯულებას, ესენი იყო „რუსთავი 2“-ის საქმე, მელიას, სააკაშვილის, ახალაიას საქმეები, აქციების – თითქოს ძალის გადამეტებით დაშლის საქმე, ყველა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ამიტომ სათქმელიც არაფერი აქვთ. სასამართლოს ერთი გადაწყვეტილება, ერთი საქმე ვერ მოიყვანეს მაგალითად, რომელზეც თვითონ მაინც იტყოდნენ, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქნება ხარვეზები, ამიტომაც გვაქვს ინსტანციები და ყველა ქვეყანაში არის მეორე, მესამე ინსტანცია, რათა ხარვეზები გამოსწორდეს, მაგრამ ერთ მაგალითს ვერ ასახელებენ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემის შესახებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.