შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ნირს არ იცვლის და ვინც მათთან არ არის, მათი მტერია
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ნირს არ იცვლის და ვინც მათთან არ არის, მათი მტერია

გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება, „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია და ამას ვერ იცვლიან, ვინც მათთან არ არის, მათი მტერია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრების დაპირისპირებას გამოეხმაურა.

სპიკერის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის არსებობა მნიშვნელოვანია დროის კუთხით და ოპოზიციის ნაწილი ხაზს დაფინანსების ნაწილს უსვამს, მაგრამ დაფინანსება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც დრო, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ისინი იყენებენ.

„ასევე, არის დელეგაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა. გუშინ პლენარულ სხდომაზე ადამიანები ვიხილეთ, ვინც ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ. ხატია დეკანოიძე ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მას და ახალ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას არა მხოლოდ უსიამოვნო დიალოგი ჰქონდათ, არამედ ეს იყო ადამიანურ, ეთიკურ სტანდარტებს მიღმა. ეს არის ზუსტად “ნაციონალური მოძრაობა” – ვინც მათთან ერთად არ არის, არათუ მათი მოწინააღმდეგეა, არამედ მტერია. გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.