შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავს იმ მარცხს, რაც 2 ოქტომბერს იწვნია და იმ მარცხს, რომელიც 30 ოქტომბერს ელოდება
„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს პარტია მართავს შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეკრებას.
„რაც შეეხება ამის აღქმებს, ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. თუკი ვინმეს სურს გაიგოს, როგორც კონტრაქცია, კი, ბატონო, გაიგოს. მათ ჩვენ ამას ვერ გადავაფიქრებინებთ“, – განაცხადა თემის კომენტირებისას პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავს იმ მარცხს, რაც 2 ოქტომბერს იწვნია და იმ მარცხს, რომელიც 30 ოქტომბერს ელოდება.
„ერთადერთი რამე იკვეთება, სხვათა შორის, ამ რეაქციებზე, ჩანს მათი აგონია, რაშიც ჩავარდნილია „ნაციონალური მოძრაობა“. მათ კარგად იციან, დღეს კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავენ იმ მარცხს, რაც 2 ოქტომბერს იწვნიეს და კიდევ ერთხელ თავის თვალით დაინახავენ იმ მარცხს, რომელიც 30 ოქტომბერს ელოდებათ. ამიტომ, ჯობია, დასხდნენ, უყურონ და მიიღონ ის რეალობა, რომელიც 30 ოქტომბერს დადგება. რაც შეეხება სხვადსხვა სპეკულაციებს, რომ ცდილობენ კიდევ ერთხელ დაამცირონ აქციის მონაწილეები და გვესმის სხვადასხვა სახის შეფასებები სოციალურ ქსელში თუ ტელევიზორში. ყველას მოვუწოდებ, საქართველოს მოქალაქეებო, ჩართეთ ოპოზიციური არხები, უყურეთ სოციალურ მედიაში და გაიხსენეთ. ეს არის ის ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თქვენ დაგცინით, რომელიც თქვენ ადამიანებად არ გთვლით, რომელიც მხოლოდ თავისიანებს თვლის ადამიანებად, რომელიც მხოლოდ თავის ამომრჩეველს თვლის ამომრჩევლად, რომელიც მხოლოდ თავისი აქციის მონაწილეებს თვლის აქციის მონაწილედ და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ 21-ე საუკუნის ბოლშევიზმი და ფაშიზმი, როდესც ადამიანებს ყოფ სხვადასხვა ნიშნით და ფიქრობ, რომ ის, ვინც შენთან არის, ის არის ადამიანი და მას აქვს ღირსება; მას აქვს პოლიტიკური უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება და ის, ვინც შენთან არ არის, მას ამის უფლება არ აქვს.
ამიტომ ძალიან კარგი – ილაპარაკონ, დასცინონ, კიდევ ერთხელ შეგვახსენონ, თუ რა არის მათი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თავისუფლების მოედანზე დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.