შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვერ ითანხმებს ოპოზიციას, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი კომისიის შექმნას არანაირი საფუძველი არ აქვს
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვერ ითანხმებს ოპოზიციას, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი კომისიის შექმნას არანაირი საფუძველი არ აქვს

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში იანვრიდან არის და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოაქვს. მათ ოპოზიციაში საკმარისი რაოდენობით აქვთ ხმები, რომ თუ კომისიის შექმნის სურვილი აქვთ, საკუთარი კოლეგები დაარწმუნონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე თვეა საკითხი არ გამოაქვს, იმას აჩვენებს, რომ მხარდამჭერები არ ჰყავთ.

„აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ჩაკარგული იყო და მნიშვნელოვანია, გადაწყვიტონ, ან დღის წესრიგიდან ამოიღონ, ან ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერებას, გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ „ლელო“ თუ ბადრი ჯაფარიძე არიან მათი ორბიტის ნაწილი. ბადრი ჯაფარიძეს მანდატი საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე შეუჩერდა, რადგან მის წინააღმდეგ შესულია გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კომისიის შექმნისთვის 50 ხმა სჭირდება, ოპოზიციას კი 60-ზე მეტი აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 50 ხმა არც ისე აქვს და არც ასე. როგორც ჩანს, ამით ადასტურებენ, რომ ალიანსი აქვთ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან, რადგან ამბობენ, რომ თითო ხმა აკლდებათ და ამით აღიარებენ, რომ მათი ალიანსის ნაწილია „ლელო“. კომისიის შექმნის დასაბუთებასაც ვერ შეძლებენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იცით, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამოშალა ეს საქმე საკუთარი განხილვიდან და თქვა, რომ რაიმე საფუძველი არ არსებობს ამ საქმის განხილვის. ანუ, სტრასბურგის სასამართლომაც ეს დაადასტურა და თუ საგამოძიებო კომისიაში რაიმე არგუმენტს წარმოადგენენ, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო იქნება, არ ვიცი. ვერ ითანხმებენ ოპოზიციას, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი კომისიის შექმნას არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.