შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ითხოვენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მიიღონ გადაწყვეტილებები, ჩვენ ამას არ დავთანხმდებით
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ითხოვენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მიიღონ გადაწყვეტილებები, ჩვენ ამას არ დავთანხმდებით

გუშინ გვქონდა ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა, დაახლოებით, შვიდი საათი ვმსჯელობდით ორ თემასთან დაკავშირებით და უმეტეს, საკითხების 98%-ზე შევთანხმდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ითხოვენ ერთადერთს, არჩევნების წაგების შემთხვევაშიც ჰქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, რასაც მმართველი გუნდი არ დათანხმდება.

„ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია არის მოჭიდებული და აყენებს, გახლავთ, რომ გადაწყვეტილებები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით მიღებული იქნეს პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთადერთი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები პარლამენტში ითხოვენ, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნები წააგონ, მაგრამ გადაწყვეტილებები მათი მისაღები იყოს და შეეძლოთ დაბლოკვა. ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და რომელსაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებით. სხვა დანარჩენ საკითხებზე, რომლებიც გამომდინარეობდა დასკვნებიდან, მათ შორის, დამატებითი იდეები წარმოიშვა ამ დისკუსიის დროს, ყველა სხვა საკითხში შევთანხმდით სრულად. ერთადერთი საკითხი არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები პარლამენტში ითხოვენ, მათ ჰქონდეთ გადაწყვეტილებების დაბლოკვის შესაძლებლობა. ქართველი ხალხის დავალება, მანდატი „ქართული ოცნების“ მიმართ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჩავუგდოთ არანაირი სახელისუფლებო ბერკეტი, რომ დაბლოკონ ესა თუ ის გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.