შალვა პაპუაშვილი - გუშინ განიმარტა, რომ  ნიკა მელიას გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება, რის შემდეგაც ინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი
შალვა პაპუაშვილი - გუშინ განიმარტა, რომ  ნიკა მელიას გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება, რის შემდეგაც ინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ განიმარტა, რომ  ნიკა მელიას გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება, რის შემდეგაც ინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი.

მისივე თქმით, კანონპროექტს მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერმა პარტიებმა მხარი უნდა დაუჭირონ.

„გუშინ გაკეთდა განმარტება, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება. ამის შემდეგ ინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, რომელსაც ხელმომწერმა პარტიებმა მხარი უნდა დაუჭირონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოწერის ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, საკითხებში პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ ხელმოწერის ღონისძიებას უმასპინძლა. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, ასეთ საკითხებში იყოს ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ჩვენი ოპონენტები სახელმწიფო ინსტიტუტებს აიგნორებენ, ისინი გუშინ პრეზიდენტის სასახლეში იყვნენ. გუშინ ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ“ პირდაპირ, ცხადად ჩამოიხსნეს ყველანაირი ნიღაბი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ორი ძალა ქვეყანაში სიტუაციას რევს და მომართული იყო იმისკენ, რომ შეთანხმება ჩაეშალა. ეს გუშინ პირდაპირ ეთერში დავინახეთ. ისინი პირდაპირ და ოფიციალურად გახდნენ რადიკალური პარტიები. მათ შორის, დიახ, რუსეთის გზაზე დადგნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია ცდილობენ, ყველანაირი ინსტრუმენტი გამოიყენონ, რომ ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი ჩაშალონ და საბოტაჟი არა მხოლოდ პარლამენტს გამოუცხადონ, არამედ ნიკა მელია საბოტაჟს უკვე ამ შეთანხმებას უცხადებს. შეგახსენებთ, ამნისტიაც არაა მარტივი დოკუმენტი. თუ ამნისტირებული პირი ამნისტიის წინააღმდეგია, მას შეუძლია, ამნისტია არ მიიღოს, იყოს ციხეში, დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოვიდეს ან დარჩეს ციხეში. ამიტომ საჭიროა, ის საბოლოოდ დათანხმდეს ამ ამნისტიას და გამოვიდეს ციხიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.