შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მხარდამჭერი განცხადებები მოიპოვოს პარტიული კოლეგებისგან, „ქართული ოცნება“ ცდილობს, პოზიციები იყოს საქართველოს მხარდამჭერი
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მხარდამჭერი განცხადებები მოიპოვოს პარტიული კოლეგებისგან, „ქართული ოცნება“ ცდილობს, პოზიციები იყოს საქართველოს მხარდამჭერი

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი განცხადებები მოიპოვოს პარტიული კოლეგებისგან, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს მხარდამჭერი იყოს პოზიციები, როგორც ბრიუსელში, ისე სხვადასხვა დედაქალაქში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„პრობლემაც ამაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი თუ გვერდში მდგომი განცხადებები მოიპოვოს მათი პარტიული კოლეგებისგან. „ქართული ოცნება“ არ ცდილობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებები მოიპოვოს. „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს მხარდამჭერი იყოს პოზიციები, როგორც ბრიუსელში, ისე სხვადასხვა დედაქალაქში. დღესაც, ახლაც ჩვენი კოლეგები იმყოფებიან რუმინეთში, სადაც შეხვედრებს მართავენ. იცით, რომ მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ბრიუსელში, პარლამენტი არის ამ კუთხით ძალიან აქტიური, საპარალამენტო დელეგაციები ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დედაქალაქებს სტუმრობენ და ჩვენ ვიღებთ მათგან მხარდამჭერ განცხადებებს. მათ შორის, ამ შემთხვევაში დელეგაცია რუმინეთში იმყოფებოდა, სწორედ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინეთ იქ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანა არ არის პარტიული მხარდაჭერის მოპოვება.

„კიდევ ერთხელ, ამ განცხადებას სათაურადვე აწერია, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული და ეს ყველაზე ნათლად აჩვენებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საკუთარ მომზადებულ ტექსტში ერთი აბზაციც კი არ ჩაწერეს ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით. ერთი აბზაციც კი არ არის ამასთან დაკავშირებით ჩაწერილი. ეს დოკუმენტი არის მხოლოდ მათი პარტიული ინტერესების ამსახველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.