შალვა პაპუაშვილი - ზიზღის ენის მთავარი გამავრცელებლები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან
შალვა პაპუაშვილი - ზიზღის ენის მთავარი გამავრცელებლები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზიზღის ენის გამავრცელებლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი განცხადებები დასაგმობია.

„ზიზღის ენაზე საუბრობენ და თავად არიან ზიზღის ენის მთავარი გამავრცელებლები. ჩვენმა კვლევამაც ეს აჩვენა. ამ კვლევის გარეშეც, დამეთანხმებით, სოციალურ მედიაში თუ შეხვალთ, ვინც ავრცელებს ზიზღის ენას, ეს გახლავთ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობა“, ზოგიერთი მედია და სამწუხაროდ, ზოგიერთი ჟურნალისტი. მთავარი გახლავთ ერთი რამ, რომ ვაღიაროთ – ეს არის ის სპირალი, სადაც მთლიანად საზოგადოება არის შესული და ამ სპირალიდან საჭიროა გამოსვლა. რაც შეეხება მათ შორის, შეურაცხმყოფელ და ანტისემიტურ გამონათქვამებს, ეს დასაგმობია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ავტორი იმ საარჩევნო ბანერებისა, რომელიც ქუჩებში განთავსდა, მოშე კლუგჰაფტია. კერძოდ, სააკაშვილმა აღნიშნა: „გამოფინეს პლაკატები, რომლის ავტორია ისრაელიდან ჩამოთრეული ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ნაძირალა. არ გიტყდებათ, რომ ის არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის?“