შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწია, უარი ეთქვა არჩევნებისთვის ბოიკოტის პროექტზე, რადგან ნახეს, ამას შედეგი არ ექნებოდა, მოუწევდათ აღიარება, რომ დამარცხების შიში აქვთ და უკან დაიხიეს
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწია, უარი ეთქვა არჩევნებისთვის ბოიკოტის პროექტზე, რადგან ნახეს, ამას შედეგი არ ექნებოდა, მოუწევდათ აღიარება, რომ დამარცხების შიში აქვთ და უკან დაიხიეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით დაწყებული კამპანიით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნებისთვის, რადგან იციან, წააგებენ.

თუმცა, მისივე თქმით, ბოიკოტის პროექტზე უარის თქმა მოუწიათ, ვინაიდან ნახეს, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნებოდა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს და დადასტურდა ეს გუშინწინ, როდესაც ვნახეთ ერთდღიანი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ გადადებულიყო არჩევნები, ვინაიდან იციან, ამ არჩევნებს აგებენ სერიოზულად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შიში აქვთ წაგების. თუმცა, მეორე მხრივ, მოუწიათ, უარი ეთქვათ ბოიკოტის პროექტზე იქიდან გამომდინარე, რომ ნახეს, არანაირი შედეგი ამას არ ექნებოდა. პირიქით მოუწევდათ აღიარება, რომ დამარცხების შიში აქვთ და უკან დაიხიეს ამ მიზნისგან. გუშინ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ არა, კი არ უნდა გადაიდოს, პირიქით, აქეთ უნდა გადმოიდოსო, უკვე არასერიოზულობამდე მიდის მათი ეს ყოველდღიური სხვადასხვა სახის კამპანია. ეს მიუთითებს, რომ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის. სხვათაშორის, ყველა ვხედავთ, რომ რაიმე სერიოზული კამპანიაც კი არ აქვთ გაშლილი, არც ბილბორდები აქვთ, ვხედავთ, რომ დიდად არ აქტიურობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ არჩევნების მეორე დღეს არეულობა მოაწყონ.

„ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის, ეს არის, რასაც ისინი სთავაზობენ ჩვენს მოსახლეობას. ისინი ჰპირდებიან არეულობას, ისინი არ ჰპირდებიან ადგილზე მოსახლეობას მათი კომუნალური საკითხების მოგვარებას, იქნება ეს გაზი, გზა, წყალი, ინტერნეტი, სხვა ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური საკითხები, ერთადერთი, რასაც ისინი ჰპირდებიან, არის ამ ქვეყანაში არეულობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.