შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ყველა გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ყველა გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.

შალვა პაპუაშვილის თქმით, იგივე სურათია, რაც 2016 და 2020 წლების წინასაარჩევნო პერიოდში იყო.

„არაფერი ახალი არ ხდება. გაიხსენეთ 2020 წლის, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდები, ზუსტად იგივე ხდება და მიკვირს, რომ იმავე მეთოდებით ცდილობენ, დააბნიონ ქართული საზოგადოება. სინამდვილეში, ამას ყველაზე კარგი სახელი თავად მიხეილ სააკაშვილმა დაარქვა, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები. ამიტომ, მთავარია, საზოგადოება ხვდება, რომ ესენი არიან კლონები. შეიძლება, ზოგს ცხვირი ჰქონდეს სხვანაირი, ზოგს ყური, მაგრამ სინამდვილეში ესენი არიან კლონები. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ, ყველა გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს „ქართული ოცნება“იგებს.

პაპუაშვილის განმარტებით, მთავარია არა მხოლოდ მოგება, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რითიც, მისივე თქმით, „ოცნება“ გაამყარებს საქართველოს დემოკრატიას.

„ყველა გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს „ქართული ოცნება“იგებს. მთავარი არის ახლა კონცენტრირება იმისთვის, რომ არა მხოლოდ მოვიგოთ დამაჯერებლად, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესი, მათ შორის იმიტომ, რომ მოსალოდნელია ოპოზიციის მხრიდან კვლავ ბოიკოტი. ამიტომ ქართველმა ხალხმა მკაფიო გზავნილი უნდა მისცეს როგორც ოპოზიციას, ისე ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ საკონსტირუციო უმრავლესობით „ქართული ოცნება“ გაამყარებს საქართველოს დემოკრატიას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.